ოპოზიციის ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი შედგა - რას ამბობენ 9 პარტიის ლიდერები

9 ოპოზიციური პარტია გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა - ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები.

ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ  ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღადგენენ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.

შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს: ერთობა ერთფეროვნების გარეშე, დემოკრატიული ალტერნატივა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი.

"შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხიმგებლობას მათი დარღვევისთვის. ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე" - ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ცხრავე პოლიტიკური პარტიის ლიდერმა. გთავაზობთ ყველა მათგანის შეფასებას.

პარტია ახალი, ნიკა გვარამია

"ძალიან სასიხარულოა, რომ მიწევს იმის განცხადება, რომ ოპოზიციის ალიანსი, სწორედ ამ სახელით შედგა. ეს არ იყო ხანმოკლე კონსულტაციები, ეს არ იყო მარტივი კონსულტაციები, დიდი ხანია ეს მიმდინარეობს [...] ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ, ერთობას - ერთად გამარჯვებისთვის.

ჩვენ ვთანხმდებით ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე, ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებზე, არ ვქმნით რაღაცა ერთიან სიას, ამაზე ლაპარაკი ახლა არ მიმდინარეობს და არც ვიცით, მომავალში იქნება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვქმნით სამოქმედო ერთობას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ახლა პოლიტიკური ერთობა, ეს მნიშვნელოვანია, როგორც წინაპირობა საზოგადოებრივი ერთობისთვის, ჩვენ ამაში გვინდა მონაწილეობა მივიღოთ და ვისაუბროთ საზოგადოების ძალიან ფართო ჩართულობით და აუცილებლად, მთავარი კომუნიკატორი ჩვენთვის იყოს ის ადამიანები, ვინც 500-მდე დღეა, უკვე აპროტესტებენ ივანიშვილის რეჟიმს.

ამ შეთანხმების ნაწილია ქცევის კოდექსი, რომელიც ძალიან მკაფიოა, რომელიც ერთიანად მოქმედების პრინციპებს ემყარება, თანასწორობის პრინციპებს ემყარება და ასევე ემყარება პასუხისმგებლობის პრინციპს ამ კონკრეტული ქცევის წესების დარღვევისთვის".

 თავისუფლების მოედანი, ბაკურ კვაშილავა.

"თავისუფლების მოედანი იმედით უყურებს ამ შეთანხმებას, ეს არის უნიკალური შეთანხმება, იმიტომ, რომ დიამეტრალურად განსხვავებული წარსულის მქონე პარტიები, რომლებსაც საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებზე, შეიკრიბნენ, მიაღწიეს შეთანხმებას, შეთანხმებას საქართველოსთვის, რომელსაც ოპოზიციის ალიანსი ჰქვია. ეს არის მაგალითი იმის, როდესაც ქვეყანა განსაცდელში დგას, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი, იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იმ კურსზე, რომელიც იქნება მისივე კონსტიტუციის ერთგული და დავუბრუნოთ ჩვენს ხალხს თავისუფლება და ღირსება".

გირჩი-მეტი თავისუფლება, ზურაბ ჯაფარიძე.

"შეიქმნა ოპოზიციის ალიანსი, რომელიც შეთანხმდა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, ისევე როგორც შეთანხმდა ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე. მე მინდა, გულწრფელად მადლობა გადავუხადო ყველა იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ამ ოთახშია. ძირითადად მათი ნამუშევარია ეს დოკუმენტი, მაშინ როცა რამდენიმე ჩვენგანი ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავით. ამიტომ, დიდი შრომა აქვთ ჩადებული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ შეთანხმება შედგა. ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი დღე და მე მინდა, რომ ყველამ, ჩვენ, მათ შორის იმ პარტიებმა, რომლენიც უკან არიან, ოთახში, ერთად ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ მნიშვნელოვან დღედ და იქცეს ისტორიულ დღედ, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას".

დროა, გიგა ლემონჯავა.

"ოპოზიციის ალიანსი შედგა. ჩვენ ვქმნით სანდო ალტერნატივას პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვგულისხმობ  ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის. ეს არის წესებზე დაფუძნებული საერთო შეთანხმება, რომელიც გულისხმობს გამარჯვების საერთო სტრატეგიის გარშემო პროდასავლური პარტიების გაერთიანებას.

მე მინდა, რომ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, მათ, ვინც თავისი პერსონალური ამოცანები გაწია უკან და ამ ქვეყნის ინტერესები წამოწია წინა პლანზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ ოპოზიციის ალიანსის კარი არის ღია ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის. ამით არ მთავრდება ოპოზიციის ალიანსის საბოლოო ფორმირება, ჩვენ ველოდებით სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვაგრძელებთ მათთანაც კოორდინაციას".

ევროპული საქართველო, გიგი წერეთელი.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ოპოზიციის ალიანსი შემდგარიყო და აქ არის სწორედ ის მთავარი ამბავი, რომ პარტიების  მრავალფეროვნება ამავე დროს არის სიძლიერე, ეს არის დაკვეთა და სურვილი იმ ადამიანების, ვინც უკვე ამდენი ხანია არის პროტესტში იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიული ცვლილება იყოს.

ვფიქრობ, ის პარტიები, რომლებიც დღეს შეთანხმდნენ ურთიერთობების პრინციპებზე, მოქმედების პრინციპებზე, სტრატეგიაზე და ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავალი და ის ვითარება, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ თუნდაც გეოპოლიტიკური ცვლილებები... ამას სჭირდება სწორედ ოპოზიციური ალიანსი გაერთიანება, ეს არის დღეს მთავარი ამბავი და ვეცდებით, ჩვენს საზოგადოებასთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო კონტაქტი, რათა შეიტყონ და მალე გაიგონ, როგორი იქნება აქტივობის მეთოდები და რას გავაკეთებთ ამისთვის".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თინა ბოკუჩავა.

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც შეძლო ერთად დგომა, ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილიც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით... ისიც მადლობას უხდის ყველას, ვინც შეძლო ერთად დადგომა. გასაგებია, რომ არსებობს ჩვენ შორის განსხვავებები, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება ყოველთვის ერთიანობის მომხრე, მიგვაჩნია, რომ სწორედ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი.

დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას ოპოზიციურ ერთიანობასთან დაკავშირებით, დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით ნამდვილად მნიშვნელოვანია".

გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებელი.

"ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ნომერ პირველი გზავნილი მთლიანად საზოგადოებისთვის არის - დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ჩიხში, კრიზისში, შესაბამისად, ჩვენ გვსურს თანხმობა ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სურს სამართლიანობა ქვეყანაში, ვისაც სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვისაც სურს, ამ ქვეყანაში ყველა ვიყოთ თანაბარი, ვისაც სურს, საქართველო იყოს რეგიონის ლიდერი, რომ ვიყოთ ამაყი ჩვენი ქვეყნით, ვიაროთ წელგამართულმა არამარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ის, რაც გვიშლის ხელს, არ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს არის რამდენიმე ადამიანი, რეალობას მოწყვეტილი ოცნების წევრები, რომლებიც ტყუილით, სიძულვილის ენით და ნგრევით საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება, ამისთვის გვჭირდება ბევრი შრომა და ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეიგული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყევლა გავერთიანდეთ".

ფედერალისტები, თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ყველაფერს თავისი დრო აქვს - არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა, არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას, ოპოზიციის ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე.

ამის მიღმა ჩვენს განსხვავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს, გადავაქცევთ ჩვენს ძალად... ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი, ეს ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს.

[...] გამარჯვების გზაა - აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ახლა შედგა ალტერნატივა, აქცია მიდის, დასანქცირებულები აგერ ხართ [მიმართავს სამთავრობო მედიას]...

ჩვენ გამოვუთხრით ძირს ქართულ ოცნებას. ყველა შემოგვიერთდება, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა".

ედპ, ზურაბ ღონღაძე.

"ოპოზიციის ალიანსი შედგა, ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს სწორედ ოპოზიციის ერთიანობის ეშინია, ჩვენმა ალიანსმა უკვე დასახა სტრატეგიული გეგმები, რომლებსაც უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას და ის ტაქტიკური ნაბიჯები, რომლებითაც დავიწყებთ მოქმედებას. შესაბამისად, სწორედ ერთიანი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯებით შევძლებთ რუსული რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს დაბრუნებას ევროპულ გზაზე".

კომენტარები