ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის მომზადებისას "საერთაშორისო პრაქტიკით" იხელმძღვანელეს.
კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში განმარტა, თუ რატომ არ კრძალავენ "არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად" შერჩეულ 3 პარტიასთან "დაკავშირებულ" "მცირე პარტიებს".
"ჩვენ აქ პირველ რიგში დავეყრდენით სამართლებრივ პრაქტიკას, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრაქტიკით. ჩვენ არ გვინდოდა ისეთ პარტიებთან მიმართებით შეგვეტანა სარჩელი, რომელთა მიმართაც შეიძლება არ დამდგარიყო შესაბამისი შედეგი.
იგივე გერმანიაში არის ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბებული და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც მიჰყვება იგივე ლოგიკას, იყო მაგალითად შეტანილი სარჩელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით და სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ, იმის გამო, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა ბარიერის გადალახვის რეალური რესურსი და ეს იყო თავისი არსით ძალიან მცირე, ზეგავლენის არ მქონე პარტია.
როცა არ აქვს პარტიას არსებითი ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე, ამ შემთხვევაში რეალურ საფრთხესაც არ უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას. ეს პრაქტიკა გავითვალისწინეთ". - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მემკვიდრე პარტიების ცნებას, კობახიძის თქმით, ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეყილება იმიტომ არ მიიღეს, რომ თუ რომელიმე უკვე აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირი, ახალ პარტიას ჩამოაყალიბებს, "გვაქვს კანონში რეგულაციები და დაჩქარებული წესით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით".
"სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე ჩვენთანაც კანონმდებლობით არის მოწესრიგებული მემკვიდრე პარტიების საკითხი და ეს რეგულაციები ჩვენ გვაძლევს თავიდან ბოლომდე იმის შესაძლებლობას, რომ თუ ვინმე შეეცდება გვერდი აუაროს რეგულაციებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ჩვენ შეგვიძლია გავავრცელოთ ე.წ. მემკვიდრე პარტიებზე. აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სახელების და გვარების ჩამოთვლა.
რაც შეეხება ლელოს დეპუტატებს თვითმმართველობაში, თვითმმართველობა მაინც არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენა მაინც არ აქვს, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სარჩელთან მიმართებით.
კიდევ ერთხელ, რაც შეეხება მემკვიდრე პარტიებს, ვინმე თუ მოინდომებს, ამ პარტიების ნაცვლად იგივე შინაარსით შექმნან ახალი პარტია ამისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გვაქვს კანონში რეგულაციები და დაჩქარებული წესით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით". - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ. ეს პარტიებია: ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო.





