საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც ივანიშვილის გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.
სარჩელის მიღების თარიღი 2025 წლის 31 ოქტომბერია. დოკუმენტს ხელს ქართული ოცნებისა და ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური ძალების - ევროპელი სოციალისტებისა და ხალხის ძალის 88 დეპუტატი აწერს.
საკონსტიტუციო სარჩელით ქართული ოცნება სამი პარტიის - ენმ-ს, ახალისა და ლელოს არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითოვს. გარდა ამისა, სარჩელი შეიცავს "მცირე პარტიების" ჩამოთავალს, რომლის აკრძალვასაც ოცნება ახლა არ ითხოვს, მაგრამ მათი "არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ".
"აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ;
აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია − დროა და გირჩი − მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ". - ნათქვამია საკონსტიტუციო სარჩელში.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, ქართული ოცნება პარტიების არაკოსტიტუციურად გამოცხადებას და მათი რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვს.
"ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია" - წერია სასარჩელო მოთხოვნაში.
სარჩელი ძირითადად წულუკიანის კომისიის დასკვნას ეფუძნება და რამდენიმე ნაწილისგან შედეგბა. ესენია:
- საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები;
- არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები;
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა;
- ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფა;
- საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;
- 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები;
- 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები;
საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის განსახილველად 9-თვიანი ვადა აქვს.
ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.





