შაბათის ფორმულას ცნობით, მსჯავრდებულმა წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მათ ციხიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული აკაკი ჭელიძის მიერ მისთვის მიცემულ პირველ აღიარებით ჩვენებაზე ჰყვება. ქვაჭრელიშვილი ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსნებს, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ იცოდნენ.
სწორედ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა დააკავა აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ტელეკომპანიის ცნობით, წერილი იქამდეა გამოგზავნილი, სანამ ქვაჭრელიშვილი გამოიკითხებოდა და ჰყვება იგივეს, რაც 20 თებერვალს საგამოძიებო ორგანოს უთხრა.
ქვაჭრელიშვილის წერილის მიხედვით ირკვევა, რომ აკაკი ჭელიძის აღიარებითი ჩვენება მოისმინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის პოლიციის უფროსის პოსტს იკავებდა და სხვა მაღალჩინოსნებმაც.
"მოვიდნენ პოლიციის შენობაში და ჩემს სამუშაო ოთახში განთავსდნენ ქალაქ თბილისის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი, მისი მოადგილე, კახა მურადაშვილი, ჩემი მთავარი სამმართველოს უფროსი, გელა ქურდაძე და ქალაქ თბილისის მკვლელობების სამმართველოს უფროსი, კახა სირაძე" - წერს ქვაჭრელიშვილი.
მისივე განცხადებით, პროცესში თამაზაშვილს დაურეკა უცნობმა პირმა, რომელსაც მან "ანზორიჩი" დაუძახა. ქვაჭრელიშვილი ვერ აკონკრეტებს პირის ვინაობას. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ, არაერთ დანაშაულში ბრალდებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზე.
"შემოვიდა სულხან თამაზაშვილი საძინებელში, ტელეფონზე ლაპარაკობდა, ახსენა - "გისმენთ ანზორიჩ", მე გამოვედი და ის წამიერად შეჩერდა". - წერს ქვაჭრელიშვილი.
წერილის მიხედვით, ქვაჭრელიშვილს აღიარებითი ჩვენება ჭელიძემ დაკავების შემდეგ მისცა. ჩვენების მოსმენის შემდეგ ის დაუკავშირდა თბილისში მაღალჩინოსნებს, რომლებიც სამმართველოში მივიდნენ. მათი მისვლის შემდეგ, ჭელიძემ აღნიშნული კიდევ ერთხელ, მათი თანდასწრებითაც გაიმეორა. ქვაჭრელიშვილი წერს, რომ თამაზაშვილმა ჭელიძეს აღიარებითი ჩვენებას ვიდეო გადაუღო.
ფორმულას ინფორმაციით, ჭელიძის მსგავსი ჩვენება და ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ქვაჭრელიშვილი ახსენებს, საქმის მასალებში არ დევს.
"ჭელიძესთან მქონდა მისვლისთანავე საუბარი მე და ჩემს მოადგილეს, ამირან ნაჭებიას, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის თაობაზე. ჭელიძემ გვიამბო, რომ იგი რამდენჯერმე იყო კავილაძესთან ერთად სომხეთში, მის ნაცმობ ძმებ კაკულიებთან მოსალაპარაკებლად, რათა მოეკლათ ნიკოლოზ კვარაცხელია. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს ძმებმა კაკულიებმა მათ მისცეს 10 000 დოლარი სახარჯოდ, საქმის მოსამზადებლად. ხოლო 20 000 დოლარს მისცემდნენ საქმის დასრულებისთანავე, რათა ამ ფულით ისინი საქართველოდან ფარულად გასულიყვნენ ევროპაში მკვლელობის შემდეგ. ასევე მითხრა, რომ დაპირებული 20 000 დოლარი ძმებმა კაკულიებმა არ მისცეს და მკვლელობის შემდეგ ერთი კვირა იმყოფებოდნენ ბაგებში მდებარე სტუდქალაქის კორპუსში, ვინმე ძმები შონიების ბინაში, ხოლო ერთი კვირის მერე ერთ-ერთ კერძო სახლში, საიდანაც უნდა გამოსულიყვნენ და აპირებდნენ სხვა ბინის მოძებნას კაკულიების მეშვეობით. [...]
მე შევედი ჩემს ოთახში და სულხან თამაზაშვილს და ზემოთჩამოთვლილ ხელმძღვანელებს ვუამბე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჭელიძის ნათქვამი. ამის შემდეგ, შევიყვანე ჭელიძე მათთან მე და ჩემმა მოადგილემ, ამირან ნაჭყებიამ და ჩვენს თანასწრებით, თავიდან ბოლომდე მოიყვა ზემოთაღნიშნული ისტორია. შემდეგ თამაზაშვილმა იქ ოთახში მყოფ ჩემთვის უცნობ პოლიციელს სთოხვა რომ თავიდან მოყოლის დროს აკო ჭელიძე ვიდეოზე ტელეფონით გადაეღოთ, ხოლო მე მითხრა გავსულიყავი გარეთ ეზოში და წამეყვანა ჩემი და თუნდაც სხვისი თანამშრომლები ეზოში, რათა პერიმეტრზე არ შემოსულიყვნენ ჟურნალისტები. ხოლო ამირანს კი უთხრა, სასწრაფოდ გაეკეთებინათ გამომძიებელს დაკავების და ჩხრეკის ოქმი, რათა დროულად გადაეყვანათ ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე. ამ დროს დაურეკა ტელეფონმა და სულხან თამაზაშვილი გავიდა ჩემი კაბინეტიდან საძინებელ ოთახში, სატელეფონო საუბრის მიზნით. მე კი გავედი გარეთ. ოთახში დარჩნენ ჭელიძე და ზემოთჩამოთვლილი პოლიციის მაღალჩინოსნები. [...]
მე დავსვი კითხვა, ეს ყველაფერი, ხარჯის და მომზადების ფული არის, ხოლო მკვლელობის ანაზღაურება რამდენი უნდა მიეცათ კაკულიებს. ჭელიძემ მითხრა: პირად ანაზღაურებაზე არც მიფიქრია, როგორც მე, ისე კავილაძეს. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ როცა ევროპაში ვიქნებოდით, იქ ქურდებთან ახლო ურთიერთობა გვექნებოდა კაკულიების მეშვეობით. კითხვა დავუსვი, რატომ უნდოდათ ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას სიკვდილი, რაზეც ჭელიძემ მითხრა: კაკულიების მამის, კანონიერი ქურდის, მკვლელობის დაგეგმის "სხადნიაკზე" ესწრებოდა კვარაცხელიას მამაო და მათ სურდათ, შვილზე ეძიათ შური" - ნათქვამია ქვაჭრელიშვილის წერილში.
საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი შაბათის ფორმულასთან ამბობს, რომ ბუსა ჟვანიას ჩანაწერები საქმეში ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო, თუმცა საქმისთვის კლასიფიკაციის მიცემას - შეკვეთილი განზრახ მკვლელობა, დრო დასჭირდა. მისივე განცხადებით, ძებნილ ჟვანიას ოფიციალურად საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია.
ქვაჭრელიშვილის განცხადებები უარყო სულხან თამაზაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ფარცხალაძეს არ იცნობს: "ჩვენებაში არის საუბარი, რომ მე ვესაუბრე ოთარ ფარცხალაძეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა, დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც - არასდროს არ შევხვედრივარ, შესაბამისად, არასდროს მქონია მასთან კომუნიკაცია - არც სატელეფონო და არც პირადი".
ცნობისთვის, 20 თებერვალს, კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხა.
ადვოკატის განცხადებით, ქვაჭრელიშვილმა თავად გადაწყვიტა ჩვენების მიცემა.
ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ასევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი განმარტავს, რომ არაფერი აქვს დასამალი გამოძიებასთან. ასევე წერს, რომ ესმის არ არის უსაფრთხო "იმ ადამიანების სახელების და გვარების ხსენება, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე".
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი 2024 წლის 26 იანვარს დააკავს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად 5 წლის შემდეგ გამოაცხადა. მათი თქმით, კვარაცხელიას შეკვეთილი განზრახ მკვლელობა ძმება გურამ და დავით კაკულიებმა, ბესარიონ [ბუსა] ჟვანიასთან ერთად დააორგანიზეს.
ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას პატიმრობა დასუწრებლად შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.
უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.
გეგმა ბესარიონ ჟვანიას გაანდეს, რომელმაც "დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ".
უწყების ცნობით, კვარაცხელიას მკვლელობა ბესარიონ ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები იმავე წლის 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს.





