ნიკო კვარაცხელიას საქმე

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ბუსა ჟვანიას მიმართ ძებნა გამოცხადდება

კადრი ვიდეოდან/საქართველოს პროკურატურა

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით გაზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი წარედგინა ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. პროკურატურის განცხადებით, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

უწყების ცნობით, ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. 

საქმეზე ბრალი ასევე წარედგინათ ძმებ დავით და გურამ კაკულიებს. ისინი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები. 

უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს. 

გეგმა ბესარიონ ჟვანიას გაანდეს, რომელმაც "დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ".

უწყების ცნობით, კვარაცხელიას მკვლელობა ბესარიონ ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.

უწყება ასევე აქვეყნებს საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს.

"გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა, მათ მეგობარს, ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი "რედმის" მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


შგახსნებთ, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები