ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხა.
ადვოკატის განცხადებით, ქვაჭრელიშვილმა თვითონ გადაწყვიტა, რომ გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა, სწორედ მან დააკავა ნიკო კვარაცხელიას მკველობისთვის მსჯავრდებულები გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე.
"დასრულდა რამდენიმე საათიანი გამოკითხვა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა გამოკითხა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი.
უკვე გამოძიებას აქვს ინფორმაცია:
- მკვლელების მიერ მოყოლილი სრული ისტორიის შესახებ.
- ლოკაციები, სადაც მკვლელობაში მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ.
- ტერიტორია, სადაც მკვლელობა იგეგმებოდა.
- სახელები და გვარები ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ წყნეთის პოლიციაში საათების განმავლობაში.
- საუბრების შინაარსი, რომელსაც ისმენდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მაღალი თანამდებობის პირებისგან.
- დამატებით ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის". - დაწერა ქვაჭრელიშვილის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა სოციალურ ქსელში.
მიგინეიშვილმა ასევე გამოაქვეყნა ქვაჭრელიშვილის წერილი, სადაც ის წერს, რომ გამოძიებასთან ღიად ისაუბრებს, რადგან არაფერი აქვს დასამალი. მისივე თქმით, ესმის რომ არ არის უსაფრთხო "იმ ადამიანების სახელების და გვარების ხსენება, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე".
"მადლობა ყველას. ვგრძნობ თქვენს თანადგომას და სიმართლის მხარეს ერთად ყოფნას.
კიდევ ერთხელ, საჯაროდ, კვარაცხელიების ოჯახს ვუდასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას სიმართლის პოვნის გზაზე. ყველამ უნდა ვიპოვოთ სამართალი, ადამიანებმა, რომლებიც წლების მანძილზე დაგვაზიანა კონკრეტულ პირთა ბოროტებამ და გავლენებმა.
ვარ მხნედ, ბოლომდე ბრძოლის განწყობაზე და დღეს ვცდილობ ჩემი სიმართლე სააპელაციო სასამართლოს დავუმტკიცო. მესმის, რომ დღეს იმ ადამიანების სახელების და გვარების ხსენება, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე, არ არის უსაფრთხო, მაგრამ დღეს იმედი მაქვს ხახლის მხარდაჭერის და ობიექტური გამოძიების, რომელიც დაიცავს ყველა ირგვლივ მყოფი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მე ვსაუბრობ ღიად გამოძიებასთან, არაფერი მაქვს დასამალი და ვითხოვ, სწრაფ მართლმსაჯულებას, სამართლიანობასა და უსაფრთხოებას". - წერს ქვაჭრელიშვილი.
ქვაჭრელიშვილის გამოკითხვის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემაც:
"დასრულდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის დაკითხვა! რა თქვა, ახლა რატომ თქვა და მაშინ რატომ არა, ამაზე ჩემი პასუხია: მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა ყველაფერი თქვა, ასეც მჯეროდა რომ იტყოდა.
მე მჯერა, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე კარგად იზრუნებენ! ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაც დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა
დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება! დაველოდოთ!". - დაწერა კვარაცხელიას დედამ.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი 2024 წლის 26 იანვარს დააკავს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად 5 წლის შემდეგ გამოაცხადა. მათი თქმით, კვარაცხელიას შეკვეთილი განზრახ მკვლელობა ძმება გურამ და დავით კაკულიებმა, ბესარიონ [ბუსა] ჟვანიასთან ერთად დააორგანიზეს.
ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას პატიმრობა დასუწრებლად შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.
უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.
გეგმა ბესარიონ ჟვანიას გაანდეს, რომელმაც "დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ".
უწყების ცნობით, კვარაცხელიას მკვლელობა ბესარიონ ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები იმავე წლის 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს.





