თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟვანია საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
ჟვანიას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის, რომ სისხლისამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფება. ის ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან "არცერთი მტკიცებულება არ არსებობს".
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სასამართლო პროცესს პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრებოდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებული გურამ და დავით კაკულიები.
"კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის მედიის მიერ გამოგონილი, რაც დაიჯერეს კვარაცხელიებმა. დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიები გაიგებენ ამას და გაიტანენ საქმეს. წარმოუდგენელია, შეკერილ საქმეზე ამდენი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს“, – თქვა დავით კაკულიამ.
პროკურატურის განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.
"გეგმა ბესარიონ ჟვანიას გაანდეს, რომელმაც დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ" - აცხადებს უწყება, რომლის მტკიცებითაც, კვარაცხელიას მკვლელობა ბესარიონ ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს.





