სროლა კანადაში

კანადაში, ერთ-ერთ სკოლასა და სახლში მომხდარ სროლას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სკოლასა და საცხოვრებელ სახლში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი, მათ შორის, თავდამსხმელი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის, თავდამსხმელი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავი მოიკლა. 

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელის ვინაობა მათთვის ცნობილია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი. ამ ეტაპზე პოლიციას თავდამსხმელის ვინაობასა და სქესზე არ უსაუბრია, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ქალი იყო.

პარალელურად, პოლიციამ სკოლასთან ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში ორი გარდაცვლილი იპოვა. სამართალდამცველების ვერსიით, შემთხვევებს, სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირი აქვს.

კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ მომხდარის გამო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გერმანიაში გამგზავრება გადადო.

კომენტარები