სამთავრობო მედია Xinhua-ს ინფორმაციით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) გავლენიანმა მაღალჩინოსანმა და პოლიტიკურმა თეორეტიკოსმა, ვანგ ხუნინგმა, მთავრობას "ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული ძალების" წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ და საკითხში "უცხოური ძალების ჩარევისადმი" წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა, რათა ტაივანის სრუტეში უზრუნველყოფილი იყოს "მშვიდობა და სტაბილურობა".
ამასთან, ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ვანგმა ქვეყანას ტაივანში "პატრიოტული და გაერთიანებული ძალების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავრობა ხელს შეუწყობს ხალხებს შორის საზოგადოებრივ დონეზე მიმოცვლის გაძლიერებას.
ტაივანის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე კომუნისტური პარტიის რიგით მეოთხე ლიდერმა ისიც თქვა, რომ მაღალჩინოსნებმა ხელი უნდა შეუწყონ "ეროვნული გაერთიანების უმაღლეს მიზანს".
მანამდე, 7 თებერვალს, გამოცემა Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ტაივანისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტებისა და სხვა შეიარაღების მასშტაბურ პაკეტს ამზადებს, რის შესახებაც პეკინმა ვაშინგტონი დახურულ კარს მიღმა გააფრთხილა, რომ ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩინეთში ტრამპის ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც აპრილში იგეგმება.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს აშშ-მ ტაივანისთვის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი, $11.1 მილიარდიანი სამხედრო შესყიდვის პაკეტი წარადგინა, რასაც ჩინეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იარაღის შესყიდვის წინადადება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, ჰაუბიცებს, ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის დრონებსა და სხვა სახის აღჭურვილობის ნაწილებს.
თავის მხრივ, პენტაგონის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს ეროვნულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება ტაივანის ძალისხმევის მხარდაჭერით, რათა მოხდეს ტაიპეის შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და "სანდო თავდაცვითი შესაძლებლობების" შენარჩუნება.
ამას გარდა, თებერვლი სდასაწყისში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Kratos Defense-მა განაცხადა, რომ ტაივანის არმიასთან ერთად წარმატებით გამოცადეს რეაქტიული ძრავის მქონე ახალი მოიერიშე დრონი, რათა სწრაფად გაძლიერდეს ტაივანის უნარი, რომ მზარდი ჩინური საფრთხის ფონზე მან "დიდი რაოდენობის" დაბალი ხარჯის მქონე დრონების გამოყენება შეძლოს.





