დაძაბულობა ჩინეთსა და ტაივანს შორის

ტაივანის თქმით, ჩინეთი სამომავლო თავდასხმისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას ცდილობს

კინმენი, ტაივანი, 21 თებერვალი, 2024
REUTERS/Ann Wang

ტაივანის მთავრობამ 1-ელ ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩინეთი გაეროს რეზოლუციის "შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციით" კუნძულზე სამომავლო თავდასხმისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას ცდილობს.

ჩინეთი ირწმუნება, რომ 1971 წლის 2758-ე რეზოლუცია, რომლის შედეგადაც ტაივანი ორგანიზაციიდან გარიცხეს და პეკინმა გაეროში ადგილი მოიპოვა, ტაივანზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის პრეტენზიებს საერთაშორისო სამართლით მხარდაჭერას აძლევს. იგივე პოზიცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაშიც გაიმეორა.

ტაივანი, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ეწოდება და რომლის მთავრობაც კუნძულზე 1949 წელს, კომუნისტებთან დამარცხების შემდეგ გაიქცა, აცხადებს, რომ ეს აბსურდია, რადგან რეზოლუციაში ტაივანი საერთოდ არ არის ნახსენები და, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეს კუნძული არასდროს უმართავს. 

ტაივანის საგარეო სამინისტრომ აღნიშნა, რომ ჩინეთს საერთაშორისო საზოგადოება რეზოლუციის ასეთი დახასიათებით "მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში."

"ყოველივე ამის მიზანი ტაივანის სრუტეზე სტატუს-კვოს შეცვლა და ტაივანზე სამომავლო სამხედრო თავდასხმისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნაა." - ნათქვამია განცხადებაში.

"მხოლოდ ტაივანის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას შეუძლია, გაეროს სისტემასა და საერთაშორისო მექანიზმებში ტაივანის 23 მილიონი მოქალაქის წარმომადგენელი იყოს." - დაამატა სამინისტრომ.

კომენტარები