რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის ემზადება. ამის შესახებ ლავროვმა სომხეთის პარლამენტის სპიკერთან, ალენ სიმონიანთან შეხვედრის დროს ისაუბრა, რომელიც მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
"ჩვენთვის გარკვეულწილად გაუგებარია, როდესაც დროდადრო გვესმის საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს "ჩრდილოეთიდან" სომხეთის წინააღმდეგ რაღაც წარმოსახვითი თავდასხმები მზადდება ან როდესაც ვინმე დსთ-ს მიერ შექმნილ ეგზისტენციალურ საფრთხეზე საუბრობს". - თქვა ლავროვმა.
გასული წლის მაისში სიმონიანი აცხადებდა, რომ "ჩრდილოელი მეზობლისგან" შემოდიოდა თანხები, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" წარმოებას ხმარდებოდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ჰიბრიდული ომი "კიდევ უფრო აქტიური გახდებოდა 2026 წელს, როდესაც სომხეთი საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.





