აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედ პრემიერმინისტრს, სანაე ტაკაიჩის მხარდაჭერა გამოუცხადა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სურს ტაკაიჩის მომდევნო თვეში თეთრ სახლში უმასპინძლოს.
"პრემიერმინისტრი ტაკაიჩი ის ადამიანია, რომელიც ძლიერ დაფასებას იმ საქმისთვის, რასაც ის და მისი კოალიცია აკეთებენ. ჩემთვის პატივია, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მას და იმას, რასაც მისი პატივსაცემი კოალიცია წარმოადგენს" – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
24 იანვარს სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და პალატის რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა, რომლებიც 8 თებერვალს გაიმართება.
Euronews წერს, რომ ეს ნაბიჯი ტაკაიჩის პოპულარობის გამოყენების მცდელობაა, რათა მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) ბოლო წლებში განცდილი მნიშვნელოვანი ელექტორალური დანაკარგების შემდეგ პოზიციები დაიბრუნოს.
ტაკაიჩი, როგორც იაპონიის პირველი ქალი ლიდერი, პრემიერმინისტრად გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს და მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს აღწევს.
მიუხედავად ამისა, ტაკაიჩის პარტიას არჩევნებში სერიოზული სირთულეები კვლავაც შეიძლება შეექმნას, რადგან მისი წევრები კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებში არიან გახვეულნი.
Euronews აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები ზედმეტად დაქსაქსულები არიან და LDP-სთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ.





