აშშ-იაპონია

ტრამპი: იაპონიამ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ამერიკული იარაღით უნდა ჩამოაგდოს

AFP/getty images

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. იაპონიის პრემიერ მინისტრთან, სინძო აბესთან შეხვედრისას ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ისაუბრეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სინძო აბე აშშ-საგან დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას შეიძენს და რომ ამერიკული იარაღით მას შეეძლება ჩრდილოეთ კორეული რაკეტები "ციდან ჩამოაგდოს." ტრამპის თქმით ეს შენაძენი აშშ-ს სამუშაო ადგილებს შეუქმნის, ხოლო იაპონიას უსაფრთხოებას.

თავად სინძო აბემ განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია ჩრდილოეთ კორეული რაკეტების ჩამოგდება, თუ ეს საჭირო გახდება. მისი თქმით ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანამ თავდაცვითი შესაძლებლობების რაოდენობა და ხარისხი უნდა გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ორი თვის მანძილზე იაპონიას ორმა ჩრდილოეთ კორეულმა ბალისტიკურმა რაკეტამ გადაუფრინა.

ჯერ-ჯერობით უცნობია მოეწერა თუ არა ხელი სამხედრო შეთანხმებას დონალდ ტრამპის და სინძო აბეს შეხვედრისას. ქვეყნები სამხედრო მოკავშირეები არიან და აშშ-ს იაპონიის ტერიტორიაზე რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული.

კომენტარები