აშშ-ვენესუელა

ვენესუელის მთავრობასთან აშშ-ს წარმომადგენელმა ძალაუფლების გადაბარების საკითხიც განიხილა

აშშ-ს წარმომადგენელი, ლორა დოგუ და ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი
X

აშშ-ს საელჩომ და ვენესუელის მთავრობამ 2 თებერვალს განაცხადეს, რომ დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი კარაკასში აშშ-ს წარმომადგენელს, ლორა დოგუს შეხვდა. 

ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თქმით, ვენესუელის დროებით ლიდერთან შეხვედრისას, რომელიც მირაფლორესის სასახლეში გაიმართა, რამდენიმე საკითხთან ერთად ძალაუფლების გადაბარებაზეც ისაუბრა. 

ლორა დოგუმ X-ზე დაწერა, რომ დელსი როდრიგესს "სტაბილიზაციის, ეკონომიკური აღდგენის, შერიგებისა და გადაბარების" საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ს გეგმებზე ელაპარაკა. 

თავის მხრივ, ვენესუელის დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ განხილვის თემა "ვენესუელის ბოლივარულ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის სამუშაო დღის წესრიგი" იყო. 

ამასთანავე, როდრიგესმა 2 თებერვალს კაბინეტის მნიშვნელოვან თანამდებობებზე ახალი პირები დანიშნა, მათ შორის, მან აშშ-ში ვენესუელის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ფელიქს პლასენსია დაასახელა. 

შვიდი წლის განმავლობაში შეჩერებული ურთიერთობების შემდეგ ვენესუელაში ამერიკული დიპლომატიური მისიის განახლების მიზნით აშშ-ს წარმომადგენელი, ლორა დოგუ, კარაკასში 31 იანვარს ჩავიდა.


ნიკოლას მადურომ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები 2019 წლის თებერვალში გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს, რომელიც აცხადებდა, რომ იანვრის არჩევნების შედეგად იგი ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი გახდა. 

ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს გახსნას წინ უძღოდა იანვრის დასაწყისში აშშ-ს მიერ მადუროს დაკავების სპეცოპერაცია, რის შემდეგაც ქვეყნის დროებითი მმართველი მადუროს ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესი გახდა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა.

ამასთან, ვენესუელის დროებითმა მთავრობამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო, ხოლო ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა ნავთობის ინდუსტრიის მასშტაბური რეფორმა, რომელიც ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.

კომენტარები