ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ილია ღუდუშაური ფინანსთა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ინფორმაცია TV პირველს ღუდუშაურის ადვოკატმა დაუდასტურა.
ადვოკატის ცნობით, ღუდუშაურის ბრალი ამჟამად წარდგენილი არ აქვს.
"ბრალის წარდგენა არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, საქმის მასალებიც არ მაქვს. როგორც ვიცი წუხელ დააკავეს. მე არ ვყოფილვარ, არ შევსულვარ, დღეს უნდა შევიდე. სავარაუდოდ, დღეს იქნება ბრალის წარდგენა და დღეს მომცემენ მასალებსაც. [...] რაზე არის დაკავებული, რას ედავებიან ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით". - უთხრა ჟურნალისტს ადვოკატმა.
ცნობისთვის, 2025 წლის 27 ივლისს ილია ღუდუშაურის ძმა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, მათ ბრალად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა ედებათ.
პროკურატურის ცნობით, 2023 წელს ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის ცოლის ძმის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული ტომოგრაფის აპარატი თავდაცვის სამინისტრომ 3 940 000 ლარად იყიდა.
1-ელ აგვისტოს ბურჭულაძემ დაკავებებზე თქვა, რომ არ ჰგონია "საქმე პოლიტიკური იყოს" და მას ან ირაკლი ღარიბაშვილს ეხებოდეს.
სასამართლომ ვლადიმერ ღაუდუშაურ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.





