საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის, ლაშა რიჟამაძის განცხადებით, საქართველოსა და ევროპულ ბაზარს შორის, სურსათზე ფასთა დიდი სხვაობა შენარჩუნდება, რადგან ევროპის ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საერთაშორისო პრაქტიკები განიხილეს.
"ვისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს, მსგავსი ტიპის ურთიერთობებში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეს კანონმდებლობა და ამ კუთხით რეგულირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც შეიძლება ფასებზე კიდევ დამატებით ზეგავლენას ახდენდეს. [...]
ევროპის ქვეყნების ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ერთი და იგივე ფასი ვერ იქნება შეთავაზებული მწარმოებლის მიერ 3 მილიონიან ქვეყანასა და 60-70 მილიონიანი ქვეყნისთვის. აქ უკვე ფასთა შორის სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მაგ დონემდე რაიმე ტიპის ცვლილება მოხდეს, ეს ფიზიკურად და ტექნიკურადაც კი შეუძლებელი აღმოჩნდება, იმიტომ, რომ საბაჟომდე ტრანსპორტირების გარდა, დამატებით კიდევ სხვა, რიგი ხარჯები არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ზეგავლენას ახდენს.
უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ რეგულირების ფარგლებში, რომელიც ფასს არ არეგულირებს, ეს არეგულირებს მხოლოდ ურთიერთობას და აწესებს კონკრეტულ ზღვრებს და ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ ადგილობრივმა მწარმოებელმა და სადისტრიბუციო კომპანიამ ფასი დაწიოს" - განაცხადა რიჟამაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 23 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.
ცნობისთვის, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





