იუსტიციის სამინისტრო

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ, გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ზოდელავა დაინიშნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს

"თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტების მენეჯერად.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობას". - ნათქვამია უწყების განცხაებაში. 

ცნობისთვის, 2025 წლის 10 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კობახიძის რამდენიმე ბრძანება გამოქვეყნდა საკადრო ცვლილებების შესახებ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ირაკლი ხმალაძე, რომელიც წარსულში თბილისის ვიცე-მერი იყო. 

"ახლა უკვე დროა კერძო სექტორში ვიმუშავო, ეს იყო მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერი" - ამბობდა ხმალაძე 11 ნოემბერს. 

რაც შეეხება ზოდელავას, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ კობახიძის 20215 წლის 22 აპრილის ბრძანებით დაინიშნა. 

კომენტარები