ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის 22 აპრილის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა გახდა.
"თამარ ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს". - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ზოდელავამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა. ის ასევე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში.
რელიზის თანახმად, ზოდელავა 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებსა და პოზიციებზე.
ცნობისთვის, GIZ-ში წლების განმავლობაში მუშაობდა ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი, რომელიც 2017-2020 წლებში GIZ-ის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი იყო.
ზოდელავა ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერიც.
20 თებერვალს ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა ივანიშვილის მთავრობის ინიციატივას, გრანტების კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას გულისხმობს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ახალ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სააგენტოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ცნობისთვის, ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შევიდა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით 16 აპრილს მიიღეს.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე და ასევე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.
ამასთან ერთად, თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.





