ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა სომხეთი "მშვიდობის საბჭოს" წევრად მიიწვია

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს, 8 აგვისტო, 2025
Armenpress

აშშ-მ სომხეთი "მშვიდობის საბჭოს" წევრად მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესსამსამსახური ავრცელებს. 

"პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა შეთავაზება სიხარულითა და პასუხისმგებლობით მიიღო, კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მზაობა, წვლილი შეიტანოს მშვიდობის წახალისებაში" – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 17 იანვარს, თეთრმა სახლმა "მშვიდობის საბჭოს წევრების ნაწილი დაასახელა.

დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია.

დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებისთვის 60-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია, თუმცა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც  "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.

Bloomberg-ის მიერ ნანახი "მშვიდობის საბჭოს" წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარებოდა.

"ყოველი წევრი სახელმწიფო ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს სამი წლის ვადით იმსახურებს, თავმჯდომარის მიერ განახლების შესაძლებლობით. სამწლიანი წევრობის ვადა არ გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც წესდების ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში მშვიდობის საბჭოში ნაღდი სახსრების სახით 1 000 000 000 აშშ დოლარზე მეტს შეიტანენ" - ნათქვამია პროექტში.

 

კომენტარები