აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომს უნდა დაუთმონ და არა - გრენლანდიას.
"ევროპა რუსეთისა და უკრაინის ომზე უნდა ფოკუსირდეს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, სადამდეც მიიყვანა ამან ისინი. ამაზე უნდა ფოკუსირდეს ევროპა და არა - გრენლანდიაზე." - ამბობს ტრამპი.
ამასთან, კითხვაზე, დაუწესებს თუ არა ევროპულ ქვეყნებს ტარიფს იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, 100%-ით."
ამას გარდა, NBC News-თან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა კომენტარი არ გააკეთა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ძალას გრენლანდიის მისაღებად.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ევროპული ქვეყნების ნაწილის მხრიდან ბოლო დღეებში გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის გამო, რაც ტრამპმა "სახიფათო" და "გაუმართლებელ" ნაბიჯად დაახასიათა.
პოსტში ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდიის "მოპოვება" აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან "ოქროს გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემის "მაქსიმალური პოტენციალის მიღწევისთვის და ეფექტურობისთვის" გრენლანდიის მიწაა საჭირო.
თავის მხრივ, ტრამპის განცხადების შემდეგ ევროპის რვა ქვეყანამ ტარიფების დაწესების მუქარასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ამას გარდა, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა 17 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა აღარ არის შესაძლებელი.





