ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმება ღარიბაშვილის მხარემ მოითხოვა - "განცხადება მე დავწერე პირადად".
მისივე ცნობით, ღარიბაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
"ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, კერძოდ, ის რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ზედმიწევნით შესრულებული იყო ეს ყველაფერი, შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში ბრალი აღარ ედება. ბრალი დარჩა იმაში, რომ ღვინის ქარხნიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია - ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან ბრალი აღიარა.
[..] მას განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს 1 მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს ორი მანქანის ჩამორთმევა.
[...] [პროცესის ჩატარება] არ დაჩქარდა, როცა მივაღწიეთ შეთანხმებას, მაშინ ჩატარდა. ქარხნის ამბავი რომ გაირკვა, ამის შემდეგ დავაყენეთ შუამდგომლობა საპროცესოზე, განიხილეს, დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რაც აგიხსენით. [საპროცესო შეთანხმების] განცხადება მე დავწერე პირადად" - ამბობს შაყულაშვილი.
პროკურატურის განცხადებით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა.
ღარიბაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული" და ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ღარიბაშვილის სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებულია 6.5 მილიონი აშშ დოლარი.





