8 იანვარს გამართულ სხდომაზე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარმა, ფილ ბრიკელმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ისაუბრა.
ლეიბორისტული პარტიის წევრმა ბრიკელმა თქვა, რომ ივანიშვილი შეიძლება დასანქცირდეს მაგნიტსკის, გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის საფუძველზე. მან ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს დუმილი ივანიშვილის საკითხზე "მცდარ გზავნილს უგზავნის პოტენციურ კლეპტოკრატებს მთელ მსოფლიოში."
"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპასთან დაახლოების გზაზე უნდა იდგეს და არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიული უკუსვლა ავტორიტარიზმისკენ მოსკოვის სასარგებლოდ.
თუმცა 2024 წლის 26 ოქტომბრის მკაცრად სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სწორედ ეს ვიხილეთ: ხელისუფლების ყველა შტო და სახელმწიფო ინსტიტუტი ახლა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პარტიის კონტროლქვეშ არის.
სამოქალაქო სივრცე ჩახშობილია. დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახალი უცხოელი აგენტების კანონის საფუძველზე, რომელიც პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის გადმოღებული, არიან მიზანში ამოღებულნი. ხოლო მშვიდობიან პროტესტს არაერთხელ უპასუხეს ძალადობით.
დიდმა ბრიტანეთმა მართებულად დაასანქცირა ზოგიერთი პირი, რომლებიც ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე არიან პასუხისმგებელნი, რაც მისასალმებელია, თუმცა, როგორც მინისტრს კარგად მოეხსენება, მე არ მიმაჩნია, რომ ეს საკმარისია.
გამოტოვებები თვალსაჩინოა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ დიდ ბრიტანეთს არ დაუსანქცირებია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფართოდ მიიჩნევა საქართველოს პოლიტიკურ მიმართულებაზე გადამწყვეტი გავლენის მქონე პირად." - თქვა პარლამენტარმა სხდომაზე.
გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, ფილ ბრიკელმა, დასანქცირების ერთ-ერთ საფუძვლად ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსებაც დაასახელა:
"დღეს დილით, შევიტყვე, რომ ქართულმა ოცნებამ გაზარდა სახელმწიფო დაფინანსება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, რომელმაც, Reuters-ის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში მიიღო რუსული ნავთობის პირველი პარტია. თავად ქარხანა დაკავშირებულია ვლადიმირ ალექსეევთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის პირველ მოადგილესთან.
ეს აშკარად წარმოადგენს სანქციების შესაძლო დარღვევის გზას და იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტიც დაემატება ივანიშვილის საკითხს." - განმარტა ბრიკელმა.





