BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

პაპუაშვილის ცნობით, უახლოეს დღეებში BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას სარჩელით მიმართავენ

რობოკოპები აკავებენ აქციის მონაწილეს, 1-ელი დეკემბერი, 2024

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ საჩივარი მოამზადა, რომლითაც  BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას უახლოეს დღეებში მიმართავენ.

"მომზადებულია საჩივარი, ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ საჩივრის შესატანად და აუცილებლად შევა. პროცედურაა შემდეგი - თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა, მათ შორის, ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვეთ, BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში და შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. [...] იმედი გვაქვს, ამ დონეზევე აღიარებს BBC, რომ იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებშიც [...] მარტივია რასაც ვითხოვთ, მანიპულაციურია სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ შემდეგ". - თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, BBC-ს გამოძიების ცნობით, ოცნებამ აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ქართული ოცნების განცხადებით, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ, მოგვიანებით, კობახიძემ თქვა, რომ სარჩელს ჯერ ბრიტანულ მარეგულირებელში შეიტანენ.

BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტი' უწოდა."

ამის შემდეგ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

კომენტარები