ქრისტეშობა

მამა ლეონიდე ებრალიძის საშობაო წერილი

ქრისტეშობა

მამა ლეონიდე ებრალიძის საშობაო წერილი

შობის  სამოციქულო საკითხავში მოვისმინეთ, რომ როდესაც  ჟამის სისავსემ მოიწია, ღმერთმა ქვეყნად თავისი ძე მოავლინა, რომელიც დედაკაცისაგან იშვა (გალ. 4:4). 

როგორც ძველად, ბერძენთათვის თუ იუდეველთათვის, ასევე დღესაც, ინტელექტუალთათვის თუ რელიგიურთათვის ყოველივე ეს სკანდალური და დაუჯერებელი ამბავია (შდრ. 1კორ. 1-2): ღმერთის ზეისტორიული სიტყვა დაეშვა ისტორიაში, უხორცო ძე ზეციერი მამისა, გახდა ხორციელი ძე  ქალწული მარიმისა.

ამ დაუჯერებლობის ახსნის მცდელობაში, ერთ-ერთი პირველი ერესი რომელიც ეკლესიაში გაჩნდა იყო დოკეტიზმი. ერესის სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან dókēsis, რაც მოჩვენებას, ილუზიას ნიშნავს. თავად ერესი სწორედ ამას გულისხმობდა - იესო ქრისტეში ღმერთი მოჩვენებითად განკაცდა, მოჩვენებითად ევნო, მოჩვენებითად აღდგა, რადგან შეუძლებელია ღმერთმა ადამიანის ყოფიერება გაიზიაროს და განიცადოს - ყველა მისი  სისუსტით (ცოდვის გარდა), ყველა მისი ტკივილით, ყველა მისი გამოწვევით - დაბადებიდან ვიდრე სიკვდილამდე. 

ეკლესიის წუხილი ამ უკიდურესად საშიშ მწვალებლობაზე ქრისტიანული მწერლობის დასაბამშივეა შესამჩნევი. სავარაუდოდ, სწორედ ადრეული დოკეტისტური გამოწვევის ექო ისმის იოანე მახარებელთან, როდესაც წერს: "ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის" (1ინ. 4:2).

იოანე მახარებლიდან მოყოლებული, ძე ღვთისას განკაცების რეალურობის მტკიცება, პირველი სამი საუკუნის მანძილზე, არაერთი ღვთისმეტყველის საზრუნავად იქცა, საბოლოოდ კი ნიკეის მრწამსში პოვა ასახვა ორი მკვეთრი და არაორაზროვანი ტერმინის სახით: sarkothénta (ხორცნი შეისხნა) და ènanthropísanta (განკაცნა). იესო ქრისტე არა მოჩვენებითად, არამედ რეალურად დაიბადა ბეთლემის ბაგაში. იესო დაიბადა არა მოჩვენებითი ხორცით, არამედ ისეთივე რეალური სხეულით, როგორიც ჩვენია, ისეთივე რეალური ადამიანურობით, როგორიც ახლა, აქ, მე და თქვენ ვართ.

თითქოს ჩემი და თქვენი რეალური ადამიანობის დამოწმება ლოგიკური არგუმენტია, მაგრამ  ამისი მტკიცებაც დღესდღეობით  საჭირო ხდება. ის ადრეული დოკეტიზმი, რომელიც იესო ქრისტეს მოჩვენებით განკაცებას ქადაგებდა, დღეს საკუთარი მოჩვენებითი, ილუზიური არსებობის შესაძლებლობაში გვარწმუნებს. 

ეს მაგალითები შორიდან რომ არ მოვიხმოთ, დავფიქრდეთ, როგორია ჩვენი ჩვეულებრივი დღე? პირველს, რასაც გაღვიძებულები ვხედავთ და ბოლოს, რასაც ძილის წინ ვუყურებთ არის სმარტფონის ეკრანი. დღეს სამყარო ცხოვრობს ე.წ. სოციალური ქსელებით, რომელიც სინამდვილეში სავსებით "ასოციალურია". ვქმნით პროფილებს, სადაც ვჩანვართ უფრო ლამაზები,  უფრო ჭკვიანები, უფრო ბედნიერები, უფრო უკეთესები ვიდრე სინამდვილეში ვართ ან  თავად გვგონია. 

სოციალური ქსელები, გარდა იმისა, რომ წარმოადგენენ რეალობიდან გაქცევის, დოკეტსიტური ცხოვრების ედემს, იქცევიან ჩვენი თვითგამოხატვის ყველაზე ძლიერ ფორმად და მოთხოვნილებად: მე რასაც ვფიქრობ, ყველაფერი უნდა დავწერო, ყველაფერზე ვისაუბრო, მიუხედავად იმისა არის ეს ჩემი კომპეტენცია თუ არა. შემიძლია ყველას ყველაფერზე ვეკამათო, რადგანაც ილუზიურ ატმოსფეროში განსაკუთრებით ადვილია თავს დავაჯერო, რომ მე თანაბრად კარგად ვერკვევი თეოლოგიასა და პოლიტიკაში, მედიცინასა და ტექნოლოგიებში, ისტორიასა და იურისპრუდენციაში. აქ ავტორიტეტები და პროფესიონალები არ არსებობენ - არსებობს მოჩვენებითად იდეალური მე. მე - რომელიც ვარ ავტორიტეტი და პროფესიონალი ყველაფრისა და თუ ვინმე გაბედავს ჩემი ავტორიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, შემიძლია თავს რისხვა დავატეხო  და ბოლოს არარსებობის უფსკრულში გავისროლო - დავბლოკო. 

უკონტროლო, უავტორიტეტო სივრცე ერთი მხრივ სათბურად იქცევა საზოგადოების პოლარიზებისათვის, მეორე მხრივ კი ქმნის შესანიშნავ ნიადაგს ექსტრემისტულად გამოხატული იდეოლოგიებისათვის, იქნება ეს ე.წ. „ვოუქიზმი“ თუ კიდევ უფრო საშიში მემარჯვენე პოპულიზმი და ა.შ. 

იდეოლოგიების ეგზორციზმი ადამიანიდან, ეშმაკის ეგზორციმზე რთულია, რადგან ეშმაკის განდევნა წარმოადგენს ეკლესიის საკრამენტულ მოქმედებას და ქარიზმას, რომელიც ადამიანს ნებელობის თავისუფლებას უბრუნებს, ხოლო იდეოლოგიებში ადამიანები საკუთარი ნებით გონებას ამა სოფლის სულს უმორჩილებენ, "რომელიც უბრმავებს მათ გონებას, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი სახარებისა" (2კორ. 4:4). 

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც სოციალური ქსელები, ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ქმნიან, უკავშირდება ადამიანის ინტეგრარულ განვითარებას, რის საფუძვესაც ქმნიან: სულიერი ხედვა, ხელოვნება და მშვენიერების აღქმა. 

თუ დავაკვირდებით, "სქროლვის" პროცესს, აღმოვაჩენთ რომ გონება, არათუ გრძელი ტექსტების წაკითხვას, არამედ  ხანგრძლივი ვიდეოების ყურებასაც კი გაურბის.  დღეს უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდები წიგნებს აღარ კითხულობენ, დღეს საუბარია იმაზე, რომ ახალგაზრდები ფილმებსაც აღარ უყურებენ.

და ამ მოკლე "რილსებშიც" კი, რომლებიც თავისთავად გვწყვეტენ იმას, რაც ჩვენი სხეულივით ხელშესახებია, კიდევ უფრო ილუზიური შრეები გაჩნდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების, ვიდეოების, მუსიკისა და  გამოსახულებების სახით.

ბუნებრივია, ინტელექტუალური საზრდელისაგან განშორება კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადამიანის გონებას ხსენებული იდეოლოგიების მიმართ და მეტად ამონებს და აჯაჭვავს მას იმ დოკეტისტურ არარსებობას,  რომლის მიღმაც უბრალოდ არავინ დგას. 

რა თქმა უნდა, არსებობს სარგებელი, რომლის მიღებაც შესაძლებელია სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მაგრამ ძალიან მკრთალია ზღვარი, რომელიც სარგებლის მიღებასა და ილუზიების ტყვეობას შორის დევს.

წარმოდიგინეთ მოგვები, რომლებიც მიემგზავრებიან აღმოსავლეთიდან შორეულ პალესტინაში, არა რეალურად, არამედ ვირტუალურად, ვიდეოქოლის მეშვეობით, წარსდგებიან არა რეალური, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ჩვილის წინაშე და მას სწირავენ არა რეალურ, არამედ ალგორითმებით შექმნილ ოქროს, გუნდრუკსა და მურს... 

სინამდვილეში, ამის წარმოდგენა არავის გაგვიჭირდება, რადგან ყველა ჩვენგანი  კარგად იცნობს ამ ილუზიური, დოკეტისტური სამყაროს "რეალურობას". 

მეგობრებო, შობის სახარების საკითხავი მოგვითხრობს, რომ როგორც მოწმეები განკაცებისა, აღმოსავლეთიდან მომავალი რეალური მოგვები, რეალურად დიდ და სახიფათო გზას გაივლიან, წარდგებიან რეალურად განკაცებული ღმერთის - იესოს წინაშე და შესწირავენ მას რეალურ ძღვენს.

ჩემი საშობაო სურვილიც,  თითოეული ჩვენგანისათვის, სწორედ ეს არის - იესო ქრისტეში შეხვდეთ ჭეშმარიტად განკაცებულ ღმერთს და დავიბრუნოთ რეალური ცხოვრების თავისუფლება, რადგან ღვთის ძემ ნამდვილად შეისხა ხორცი, ნამდვილად იცხოვრა დედამიწაზე ისტორიული სხეულით, დღემდე რეალურად ცხოვრობს ჩვენს შორის თავისი საკრამენტული სხეულით და   რეალურად შეგვახსენებს, რომ სიცოცხლე ჩვენი სმარტფონების დოკეტისტურ "კონტენტში" კი არა, თავად ჩვენშია, როგორც უძვირფასესი საჩუქარი ღვთისა და სხვა ცხოვრება, სხვა სიცოცხლე, გარდა იმისა, რაც ახალშობილმა იესომ მოგვიტანა, უბრალოდ არარსებობაა, ილუზიაა და მოჩვენება.

კომენტარები