ჯაშუშობა

"ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი" – ირაკლი ჩიხლაძეს ჯაშუშობის ბრალდება წარედგინა

ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებულს და დირექტორს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს, 31 მაისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ჩიხლაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია.

"ასეთი აბსურდი მე არ მაქვს არასდროს ნანახი. არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის არ აქვს.

რთული მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რადგან საიდუმლო წარმოება მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში წარმოდგენილი. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, გულბაათ რცხილაძის საქმესთან არანაირი შემხებლობა ამ საქმეს არ აქვს". - თქვა გელხაურმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძეა.

ჩიხლაძე ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებული და დირექტორია.

ჩიხლაძის ძმა, გიგა ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებების გაშუქების დროს ჩაცხრილეს.

სუს-ის მტკიცებით, დაკავებული პირი ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული კონტაქტებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, "სისტემურად ახორციელებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას". 

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით, 30 მაისს კიდევ ერთი პირი, გულბაათ რცხილაძე დააკავა.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებას "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას" უკავშირებს.

რცხილაძეს ბრალი 31 მაისს წარუდგინეს, რის შემდეგაც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ "სავარაუდოა, რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ", თუმცა, ამ ეტაპზე "დადასტურება არ შეუძლია". 

კომენტარები