ქრისტეშობა

კონფესიები საშობაო საშვებზე უარს ამბობენ - მსახურება კომენდანტის მიღმა ან უმრევლოდ

ქრისტეშობა

კონფესიები საშობაო საშვებზე უარს ამბობენ - მსახურება კომენდანტის მიღმა ან უმრევლოდ

ქრისტიანული კონფესიები, 25 დეკემბრის დამდეგს, ღამისთევის მსახურებაზე დასასწრებად საშვების შეთავაზებაზე სახელმწიფოს უარს ეუბნებიან. საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ რელიგიურ ჯგუფებს საშობაო ღვთისმსახურების კომენდანტის საათის პირობებში აღსასრულებლად და ერთჯერადი საშვების მისაღებად სახელმწიფოსთვის სიები უნდა წარედგინათ, რაზეც კონფესიებმა, რომელთაც ტაბულა ესაუბრა, უარი თქვეს.

კათოლიკე ეკლესიის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიისა და სიცოცხლის სიტყვის წარმომადგენელთა ღვთისმსახურება ან ღამისთევით, მრევლის გარეშე, ან კომენდანტის საათამდე/მისი დასრულების შემდეგ შედგება. 

"საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პრეიოდში ჩატარდეს მსახურებები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება", - წერს facebook-ზე ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო.

კათოლიკე ეკლესიაში წირვა 24 დეკემბერს, 18:00-საათზე დაიწყება.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია საშობაო წირვას facebook-ის პირდაპირ ეთერში გადასცემს, ისევე, როგორც ორმოცდაათიანული ეკლესია. მრევლთან ერთად ორმოცდაათიანელები 25 დეკემბერს, 16:00-ზე შეიკრიბებიან. 

"სამწუხაროდ წელს საშობაო ღონისძიება ვიდეო ხასიათის იქნება. ეს გადაწყვეტილება ეკლესიამ ძირითადად იმ მიზეზის გამო მიიღო, რომ მსახურებაზე დასასწრებად მრევლის პირადი მონაცემების გადაცემა იყო საჭირო, პრინციპში, სპეცსამსახურებისთვის", - უთხრა ევანგელური ეკლესიის, სიცოცხლის სიტყვის წარმომადგენელმა, ლელა ხონელიძემ ტაბულას.


ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში მსახურება 24-ში, 16:00-სა და 18:00-ზე შედგება, ხოლო 25-ში 11:00-ზე.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ რელიგიურმა ჯგუფებმა საშობაო ღვთისმსახურების აღსასრულებლად და ერთჯერადი საშვების მისაღებად სახელმწიფოს სიები უნდა წარუდგინონ.

"სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ყველა რელიგიის და კონფესიის წარმომადგენელმა თავისუფლად შეძლოს რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობა.

შესაბამისი კონფესიები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენენ მრევლის და მღვდელმსახურთა სიებს, რომელთა საფუძველზეც ოპერაციული შტაბის მიერ გაიცემა გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა". - წერია stopcov.ge-ზე.

საშობაოდ, 6 იანვრის საღამოდან, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას", რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი შემთხვევები თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით დააწესოს და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. 

პლატფორმა "არა ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად.

განცხადება გაავრცელეს რელიგიურმა გაერთიანებებმაც, სადაც ვკითხულობთ:

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში. მზად ვართ ამ, და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად შევხვდეთ საქართველოს ხელისუფლებას". - წერია განცხადებაში. 
 

კომენტარები