ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები იქნებიან.
როგორც ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაში წერია, კომისიის თავმჯდომარე თავად ირაკლი კობახიძე იქნება - მის გარდა კი კომისიის შემადგენლობაში არიან:
- ივანიშვილის სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე
- ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე
- ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი
- ივანიშვილის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი
- ივანიშვილის ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი
- ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი
- კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე
შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ცნობისთვის, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





