აშშ-ვენესუელა-ჩინეთი

ჩინეთის საგარეო: ვგმობთ აშშ-ს მიერ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ლინ ძიანი
VCG/Getty Images

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვენესუელაში აშშ-ს ქმედებებს გმობს და მათ "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის აშკარა გამოყენებას“ უწოდებს.

"ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ს მიერ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის აშკარა გამოყენებას და ქმედებებს მისი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, წინააღმდეგ,"- ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"აშშ-ს მსგავსი ქმედებები სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და ვენესუელას სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ლათინური ამერიკისა და კარიბის რეგიონში,"- წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ჩინეთი მომხდარს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აშშ-ს მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაეროს ქარტიის მიზნები და პრინციპები და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევა.

ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს. ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

კომენტარები