აშშ-ვენესუელა-ჩინეთი

აშშ-მ ჩინურ კომპანიას ვენესუელაში მადუროს ქმედებების მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა

სტივენ მნუჩინი
Vanity

აშშ-მ ჩინურ კომპანიას, ჩინეთის ეროვნული ელექტრო მოწყობილობების იმპორტისა და ექსპორტის კორპორაციას, სანქციები დაუწესა - აშშ კომპანიას ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანია მხარს უჭერდა მადუროს მემარცხენე მთავრობის მცდელობებს "ინტერნეტ მომსახურეობის შეზღუდვისთვის, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ციფრული მეთვალყურეობისთვის, კიბერ ოპერაციების ჩატარებისთვის".

აშშ-ს სახაზინო მდივნის, სტივენ მნუჩინის, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უყოყმანოდ მიზანში ამოიღებს ნებისმიერს, ვინც ვენესუელელი ხალხისა და მსოფლიოში სხვების დემოკრატიულ ნებას შეავიწროებს.

ვენესუელელები უკვე წლებია ამბობენ, რომ კომპიუტერებითა და მობილურებით ზოგიერთ ვებგვერდებზე წვდომა არ აქვთ, რომლებიც ოპოზიციასთან ან ზოგიერთ ანტისამთავრობო ადგილობრივ სიახლეების სააგენტოსთან არის დაკავშირებული. ეს ძირითადად ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო ტელეკომუნიკაციების მომწოდებელ ვენესუელას ეროვნული ტელეფონის კომპანიას იყენებს, თუმცა, კერძო სექტორის მომხმარებლებსაც ასევე ეხებათ შეზღუდვები.

სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ჩინური კომპანია მადუროს მთავრობას 2017 წლიდან ეხმარება - ვენესუელას სამთავრობო კომპანიებს მიაწოდა პროგრამული უზრუნველყოფა, ჩაუტარა ტრენინგი, ტექნიკური ექსპერტიზა. 

აღნიშნული სანქციებით ჩინურ კომპანიას აშშ-ში არსებული ყველა აქტივი ეყინება და ამერიკელების კომპანიასთან ბიზნესის კეთება ეკრძალება. 

ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტოში ამბობენ, რომ აშშ-ს ეს ნაბიჯი არალეგალურია და ვენესუელას იზოლაციას ისახავს მიზნად. 

კომუნისტური ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც განაცხადეს, რომ სანქციები არალეგალურია და პეკინმა აშშ-ს "შეცდომის გამოსწორებისკენ" მოუწოდა. 

ვენესუელაში ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა. 

50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. 

ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა.

კომენტარები