რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი პოსტს აზიარებს: პუტინის თავდასხმაზე აპელირება აჩვენებს, მშვიდობას რუსეთი აბრკოლებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აზიარებს New York Post-ის სტატიას შემდეგი სათაურით: პუტინის მხრიდან მის წინააღმდეგ "თავდასხმაზე" აპელირება აჩვენებს, რომ მშვიდობას რუსეთი აბრკოლებს.

NYP თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-სა და უკრაინის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლოდინები "ზომიერად ოპტიმისტური" იყო, თუმცა მალევე რუსმა დიქტატორმა ომის გასახანგრძლივებლად მისი რეზიდენციის წინააღმდეგ უკრაინული იერიშების შესახებ ცრუ ამბის გამოგონება არჩია.

სტატია ხაზს უსვამს კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მიერ პუტინის რეზიდენციის წინააღმდეგ იერიშის დამადასტურებელი ცნობების გასაჯაროებაზე უარს და წერს, რომ ეს იერიშები, სავარაუდოდ, არც მომხდარა.

"პასუხი არა მეტი დათმობა, არამედ [რუსეთის წინააღმდეგ] უფრო მკაცრი ზომები უნდა იყოს. [მშვიდობის დასამყარებლად] კიევმა თავისი წილი უკვე შეასრულა. ახლა პასუხისმგებლობა პუტინზე უნდა იყოს - ან გადადგას ნაბიჯი, ან კიდევ უფრო მკაცრ სანქციებსა და უკრაინისთვის მიწოდებულ უფრო მომაკვდინებელ შეიარაღებას დაუპირისპირდეს" - წერს NYP.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა, რის გამოც რუსეთი მიმდინარე მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიციების გადახედვას აპირებდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერგეი ლავროვის განცხადება უარყო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული შედეგების ჩასაშლელად, ცრუ ამბავს იგონებდა.

კომენტარები