ივანიშვილის მთავრობის ადმნისტრაციის ცნობით, სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რასაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
"პრემიერმინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად, ეს აისახება მომხმარებელზე. სამთავრობო კომისია ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა." - ამბობს ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები".
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





