პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო, მათ შორის 6 არასრულწლოვანი.
გამოძიების თანახმად, ისინი ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები არიან, რომლებმაც 2025 წლის ზაფხულში 15 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადეს, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებები ვიდეოდ გადაიღეს.
შსს-მ ისინი 2025 წლის 8 ივლისს დაკავა.
სრულწლოვან 3 მსჯავრდებულს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, 16 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს - 6 წლითა და 8 თვით, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში.
ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის.
დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 25.144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ე და ზ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზატორი), ხოლო რვა პირი სსკ-ის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ე და ზ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა).





