ტელეკომპანია ფორმულა რეჟიმის პატიმრების ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და რეზო კიკნაძის წერილებს აქვეყნებს.
ორივე პატიმარი წერილში აღნიშნავს, რომ უარს ამბობენ შეწყალებაზე, რადგან მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ციხეში უსამართლოდ არიან.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი:
"ჩემთანაც რამდენიმე თვის წინ საპროცესოზე რომ შემოგზავნეს "ვაი ადვოკატი," მაშინ 6 წლამდე მუხლი მემუქრებოდა, მაშინვე უარი ვთქვი საპროცესოზე, რადგან მართალი ადამიანი ვერც იმის შეწყალებას დასთანხმდება, რაც არ ჩაუდენია და ვერც იმას აღიარებს, რაც არ ჩაუდენია, ქვეყნის სიყვარული კი დანაშაული არ არის! ჩვენ ციხე ვერ გაგვტეხს, ჩვენ მათ ციხიდან გავტეხთ. ციხე გაივლის, ჭრილობაც შეხორცდება, ტკივილიც განელდება, ხოლო სამშობლოს სიყვარული არასდროს გაქრება ჩვენში. არა და არასდროს შეწყალება! დიდი სიყვარულითა და პატივისცემით თქვენი თანამებრძოლი და რიგითი აკაცუკი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ბოლომდე!".
რეზო კიკნაძის წერილი:
"შეწყალების საკითხზე თავის დროზე ბევრი მაქვს ნასაუბრები და ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება. რაღატომ გაცოცხლდა ეგ თემა ეგეც არ ვიცი. გადაშლილი ფურცელია უკვე და გადაშლილ ფურცლებზე მე უკან აღარ ვუბრუნდები.
რაც ვთქვი, რა თქმა უნდა, ისევ იმ განწყობაზე ვარ: უსამართლოდ მოსჯილ წლებს პატიოსნად მოვიხდი და აქედან თავაწეული გავალ, სრულიად სუფთა, განსხვავებით მათგან ვინც აქ ჩამსვა. სამშობლოს მომავლის გადასარჩენად ბრძოლის გამო მოსჯილ წლებს პატივად მივიღებ და ისე ვატარებ... შემეხვეწონ მე, რომ შევიწყალო აქეთ.
გული ვერ მოკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.
სიმართლისთვის ბრძოლა არასდროს დამღლის. ბ ო ლ ო მ დ ე!".
3 სექტმებერს ნინო გალუსტაშვილმა რეზო კიკნაძეს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა - "ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან მასში აქტიური მონაწილეობისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს".
იგივე მუხლით 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნიკოლოზ ჯავახიშვილსაც.
- ჭიჭინაძე: ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი
- ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე – დევიძე
- ცეცხლაძე: არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ
ქართული ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თავის გადაცემაში "უცნობის კიდობანი" რეჟიმის პატიმრებზე ილაპარაკა და სთხოვა "აბსოლუტურად ყველას", გაათავისუფლონ დაკავებული ახაგაზრდები წინასაახალწლოდ, "რომ დაფიქრდნენ, რაღაც სიკეთის ფასი რა არის, სიყვარულის ფასი რა არის".





