"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ" - რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს მოძრაობა დაფიონი ავრცელებს.
"მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემს ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი.
ჩემი ქმედებები კი, არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება).
ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება.
შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის" - წერს ცეცხლაძე. მას რეჟიმმა სექტემბერში 2 წლით და 6 თვით თავისუფლება მიუსაჯა "ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს".
- ჭიჭინაძე: ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი
- ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე – დევიძე
ქართული ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თავის გადაცემაში "უცნობის კიდობანი" რეჟიმის პატიმრებზე ილაპარაკა და სთხოვა "აბსოლუტურად ყველას", გაათავისუფლონ დაკავებული ახაგაზრდები წინასაახალწლოდ, "რომ დაფიქრდნენ, რაღაც სიკეთის ფასი რა არის, სიყვარულის ფასი რა არის".
"მე მხედველობაში მაქვს მხოლოდ იმ ბიჭების სიტუაცია, სხვა დანარჩენი, პოლიტიკოსებზე და იმაზე არ მაქვს ლაპარაკი. იმ ბიჭებზე, ანდრო ჭიჭინაძე, მაგალითად. ვფიქრობ სულ, რაღაცნაირად ეს ადამიანები შეიძლება ისე, შეიძლება ასე, შეიძლება ვიღაცა პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, უნებლიედ მოხვდნენ ამ სიტუაციაში, ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად. სულ ვფიქრობ, მართლა გული მტკივა იმაზე, რომ ადამიანებს, ამდენი ხანია ციხეში ზიან, იმის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნით, მე ამას ვაჟკაცობას დავარქმევ, რომ თქვან, რაც შეგეშალა თქვი, რომ შეგეშალა…
შემეშალაც არ თქვა, თუ შენ პოლიტიკურად გაწყობს, რომ ბოდიში არ მოიხადო, ნუ მოიხდი, უბრალოდ რაღაცნაირად გვაგრძნობინე, რომ რაღაცა არასწორი საქციელი იყო პოლიციელებზე ძალადობა იქნებოდა ეს თუ ქალაქის გადაწვა. სინანული რაღაცნაირად გვაგრძნობინე, ხომ? ნუ ამასაც არ აკეთებენ…
ვიფიქრე რა გუშინ და ძალიან მინდა, მივმართო, ეს ჩემი ნაფიქრია მხოლოდ და მხოლოდ, არ გეგონოთ, რომ ვიღაცისგან მოწოდებული აზრია, იმიტომ, რომ ახალი წელი მოდის მაინც და მგონია, რომ თუ ისინი ვერაფერს, არაფერს არ იძახიან და, დავუშვათ, თავიანთ შეცდომას არ აღიარებენ, მაინც მგონია, რომ რაღაცნაირად სიკეთით ვუპასუხოთ. მარტო იმ ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი, ვინც ამ შეტევაში იღებდა მონაწილეობას, იმ ახალგაზრდებზე.
რაღაცნაირად, ვთხოვ აბსოლუტურად ყველას, პირველ რიგში, პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ვთხოვ საპატრიარქოს, თუ რამდენად გაითვალისწინებენ ჩემს თხოვნას არ ვიცი, მაგრამ შემიძლია პასუხისმგებლობაც კი ავიღო ჩემ თავზე, რომ რაღაცნაირად გამოუშვით ეს ადამიანები. გამოვუშვათ ეს ადამიანები წინასაახალწლოდ, რომ დაფიქრდნენ, რაღაც სიკეთის ფასი რა არის, სიყვარულის ფასი რა არის. მე ვიქნები პასუხისმგებელი პირადად იმისი, რომ თუ ამ ადამიანებმა ისევ იგივე დანაშაული ჩაიდინეს, რაც ჩაიდინეს. და თუ ჩაიდინეს კიდევ, მე აბსოლუტურად ყველანაირად მზად ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ვიკისრო და გააკეთონ მაშინ ის, რომ მეც დამაყენონ დარტყმის ქვეშ და თავიანთი თავებიც დაიყენონ კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, მაგათ მეორედ უკვე აღარავინ აპატიებს" - თქვა გაჩეჩილაძემ.





