რეჟიმის პატიმრები

ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე – დევიძე

მათე დევიძის პროცესი საქალაქო სასამართლოში, 12 ივნისი, 2025 წელი

სააპელაციო სასამართლომ მათე დევიძისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ძალაში დატოვა.

დევიძემ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა და გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრო.

დევიძე ასე მოიქცა საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროსაც.

საბოლოო სიტყვაში მან თქვა, რომ უარს ამბობს შეწყალებაზე და ნებისმიერ შემოთავაზებულ შეწყალებაზე. 

"მადლობა, რომ მოხვედით. ძალიან მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. ბოლომდე, ისევ და ისევ.

მომივიდა ხმები, რომ დავწერო შეწყალება და გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა! ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე. მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, მაპატიეთ ამ სიტყვაზე და მიფურთხებული ჩემგან.

არ ვიცი, რანაირად გადმოვცე, მაგრამ ქვეყანაში არის კორუფციის ისეთი ქსელები, ნემსი ვერ ჩავარდება და მე ვზივარ ციხეში. 

არაფერი არ დამთავრებულა. ხალხი სცემეს, დაასახიჩრეს, ყველანაირი ურთიერთობა თუ წინსვლის საფუძველი წყალს გაატანეს. რთულია ამასთან ჭიდილი, როცა არაფერი გიჭირავს ხელში, რაც გაგიმაგრებს ზურგს, გარდა ხალხისა, რომელიც, როგორც მე, შიშველი ხელებით იბრძვის. სიბინძურე ტრიალებს ქვეყანაში.

დავამთავრებ მე ახლა. ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც.

მე თქვენი იმედი არ მაქვს [მოსამართლეს]. ისეთი მარაზმია, ტყუილი და აბსურდი მიმდინარე საქმეები სასამართლოში, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს. ჩემი იმედი მკვდარია.

მოსამართლე: რა იცით, რა გადაწყვეტილებას ვიღებ?

მათე დევიძე: არ მჯერა სამართლიანი გადაწყვეტილების.

მეგობრებო, ალბათ დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მიყვარხართ და დროებით". - თქვა დევიძემ ნეტგაზეთის ცნობით.

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 12 ივნისს ნინო გალუსტაშვილმა დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
 

კომენტარები