ჩილე

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კანდიდატმა, ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორმა კანდიდატმა, ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა. მემარჯვენე კანდიდატმა ხმების 58.16% მიიღო, მემარცხენე ჯანეტ ხარამ კი - 41.84%.

არჩევნების შედეგი 1990 წელს ჩილეში სამხედრო დიქტატურის დასრულების შემდეგ მემარჯვენე პოლიტიკური წყობისკენ გადადგმული ყველაზე მკვეთრი ნაბიჯია.

"ჩილე კიდევ ერთხელ იქნება თავისუფალი დანაშაულისგან, ტანჯვისგან და შიშისგან. კრიმინალები, სამართალდამრღვევები – მათი ცხოვრება შეიცვლება. ჩვენ მათ მოვძებნით, ვიპოვით, გავასამართლებთ და შემდეგ ციხეში გამოვკეტავთ". - თქვა კასტმა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში შეკრებილი მხარდამჭერებისადმი მიმართვის დროს.

საარჩევნო კამპანიის დროს კასტი ჩილეს ქაოსისა და უსაფრთხოების კრიზისში მყოფ ქვეყნად წარმოაჩენდა და პირობას დებდა, რომ აღადგენდა წესრიგს, მკაცრად შეებრძოლებოდა არალეგალურ მიგრაციას და მკვეთრად შეამცირებდა ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ ხოსე ანტონიო კასტი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და სავარაუდოდ, მისი ახლო მოკავშირეც გახდება. მისი პოლიტიკა აშშ-ს პრეზიდენტის მიდგომებს ეხმიანება – მან პირობა დადო პერუსა და ბოლივიასთან სასაზღვრო კედლის აშენების შესახებ, ასევე მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეების აშენებისა და არალეგალური მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის შესახებ.

კომენტარები