ჩილე

ჩილეში ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, პაბლო ნერუდას სიკვდილის ხელახალ გამოძიებას დაიწყებენ

REUTERS/Rodrigo Garrido/File Photo

ჩილეში ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, დიპლომატის და სენატორის, პაბლო ნერუდას სიკვდილის საქმის ხელახალ გამოძიებას იწყებენ. საქმის თავიდან გამოძიების შესახებ გადაწყვეტილება ჩილეს სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

პაბლო ნერუდა ჩილეში აუგუსტო პინოჩეტის სამხედრო გადატრიალებიდან მალევე 1973 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სიმსივნე დასახელდა. 1973 წელს პაბლო ნერუდა ჩილეს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და მათი ერთ-ერთი მთავარი სახე იყო.

სააპელაციო სასამართლოს განცხადების მიხედვით, გამოძიების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ნერუდას ოჯახის და ჩილეს კომუნისტური პარტიის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. სასამართლოს თქმით, პაბლო ნერუდას სიკვდილის წინა გამოძიება არ იყო ამომწურავი და დარჩენილია საკითხები, რომელსაც ნათელი უნდა მოეფინოს.

2017 წელს სასამართლო ექსპერტიზის ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფმა წამოაყენა ვარაუდი, რომ პაბლო ნერუდა სიმსივნის გამო არ გარდაცვლილა. ნერუდას პირადი მძღოლის, მანუელ არაიას მტკიცებით, ნერუდა საავადმყოფოში, სადაც ის მკურნალობდა, პინოჩეტის აგენტებმა სასიკვდილო ნივთიერებით მოწამლეს. 

პაბლო ნერუდამ ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1971 წელს მიიღო.

კომენტარები