რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Axios: აშშ მზადაა, კიევს NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი იურიდიულად სავალდებულო გარანტია მისცეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, გავლენიანმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მათთან საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, უკრაინას NATO-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც აშშ-ს კონგრესიც მიიღებს და იურიდიულად სავალდებულო იქნება.

"ჩვენ გვსურს, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც არ იქნება, ერთი მხრივ, ცარიელი ქაღალდი, არამედ, მეორე მხრივ, საკმარისად მტკიცე იქნება. ჩვენ მზად ვართ, ეს კონგრესსაც გავუგზავნოთ კენჭისყრისთვის." - განუცხადა Axios-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. 

მან ასევე განმარტა, რომ მშვიდობაზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და რეკონსტრუქციაზე სამი სხვადასხვა შეთანხმება იქნება. 

"ამჟამინდელი წინადადების მიხედვით, ომი დასრულდება ისე, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, მიიღებს ყველაზე ძლიერ და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიას, რაც კი ოდესმე მიუღია და მოიპოვებს ძალზე მნიშვნელოვან კეთილდღეობის პაკეტს." - თქვა მაღალჩინოსანმა. 

ცნობისთვის, თეთრი სახლი აშშ-ს სამშვიდობო გეგმაზე უკრაინის დათანხმებას ცდილობს, თუმცა, Axios-ის ინფორმაციით, კიევისთვის ტერიტორიული დათმობების საკითხი გადამწყვეტ საკითხად რჩება. 

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ 11 დეკემბერს საჯაროდ სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა, რომ უკრაინამ შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც ტერიტორიის დათმობასაც მოიცავს, რეფერენდუმი ჩაატაროს, რაც "აშშ-მ პროგრესად აღიქვა".

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ დონბასში "თავისუფალი ეკონომიკური ზონის" შექმნის წინადადების მიმართ ღრმად სკეპტიკურადაა განწყობილი და დაამატა, რომ სხვა საკითხებში ცვლილებებისა და განმარტებების შეტანას ცდილობს. 

ზელენსკის თქმით, მას მიაჩნია, რომ კითხვაზე, არის თუ არა კომპრომისები, რომლებზე წასვლასაც უკრაინისგან მოითხოვენ, სამართლიანი, პასუხი "უკრაინელი ხალხის მიერ" რეფერენდუმით ან არჩევნებით გაეცემა.

პარალელურად, Axios-ის მიხედვით, რამდენიმე ევროპელი ლიდერი ზელენსკის ურჩევს, რომ ვალდებული არაა, განსაკუთრებით, ისეთი შეთანხმება მიიღოს, რომელიც იმ ტერიტორიის დათმობას მოიცავს, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე არ დაუკარგავს. 

ამას გარდა, უცნობია, დათანხმდება თუ არა რუსეთი აშშ-ს სამშვიდობო წინადადებებს. 11 დეკემბერს ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ აშშ-ს სამშვიდობო გეგმაზე "სრული ურთიერთგაგების" მიღწევა შობამდე სურდა. 

კომენტარები