ისრაელური გაზეთი Ynet და Shromrim ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აშშ ისრაელში, ღაზის სექტორის საზღვრის სიახლოვეს, მასშტაბური სამხედრო ბაზის შექმნას გეგმავს იმ საერთაშორისო ძალებისთვის, რომლებიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნებას გააკონტროლებენ.
გავრცელებული ცნობებით, სამხედრო ბაზაზე რამდენიმე ათასი სამხედროს განთავსებას მოელიან და მისი შექმნის ხარჯი, არსებული გათვლებით, დაახლოებით $500 მილიონი იქნება.
გამოცემებს უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ისრაელისთვის, რომელიც ისტორიულად მის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჩართულობის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა და ასევე მიანიშნებს აშშ-ს მიზანდასახულობაზე, რომ ღაზასა და ზოგადად კონფლიქტში უფრო აქტიური როლი შეასრულოს.
10 ნოემბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ომი "არ დასრულებულა" და პირობა დადო, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის განიარაღება მოხდება.
"ისინი, ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება უნდა, კვლავ შეიარაღებას იწყებენ. მათ არ უთქვამთ უარი ჩვენი განადგურების მიზანზე." - თქვა ნეთანიაჰუმ.
ქნესეთის წინაშე ისრაელის პრემიერმა ასევე პირობა დადო, რომ ჰამასი განიარაღდება. "ღაზის დემილიტარიზაცია მოხდება. ეს ან მარტივი გზით მოხდება, ან - რთული გზით, მაგრამ მოხდება." - დაამატა მან.
ამას გარდა, მან მინიშნა, რომ ისრაელი უფრო და უფრო უახლოვდება "რეგიონში იმაზე მეტ სახელმწიფოს," ვიდრე ოდესმე და დაამატა, რომ მოსახლეობა ამის შესახებ მეტ ინფორმაციას გაიგებს.





