სირია

სირიაში აშშ-ს ძალებზე თავდასხმის დროს ორი ამერიკელი სამხედრო და თარჯიმანი მოკლეს

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, 13 დეკემბერს უძველეს ქალაქ პალმირასთან ერთობლივი პატრულირების დროს სირიისა და აშშ-ს ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.

მოგვიანებით პენტაგონის სპიკერმა, შონ პარნელმა X-ზე დაწერა, რომ თავდასხმას ორი ამერიკელი სამხედროსა და თარჯიმნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პარნელის თქმით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა სამხედროები რეგიონში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო და "კონტრტერორისტული ოპერაციების" მხარდამჭერ მისიაში იღებდნენ მონაწილეობას.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, SANA-ს ცნობით, ინციდენტის დროს სირიის უსაფრთხოების ძალების, სულ მცირე, ორი წევრიც დაიჭრა და დაშავდა რამდენიმე ამერიკელი სამხედრო. 

სააგენტოს მიხედვით, შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც სირიულ და ამერიკულ ძალებს ცეცხლი გაუხსნა, მოკლულია, თუმცა მისი ვინაობა ან მოტივი უცნობია. 

თუმცა, გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) მიხედვით, თავდამსხმელი სირიის უსაფრთხოების ძალების წევრი იყო.

პენტაგონის სპიკერის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ს ომის მინისტრი, პიტ ჰეგსეთიც, რომელმაც დაწერა, რომ თავდასხმის მომწყობი აშშ-ს პარტნიორმა ძალებმა გაანეიტრალეს. 

კომენტარები