12 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გეგმები მისი გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ უკანონოა. ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ ის იტოვებს უფლებას ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს.
ასევე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მისი აქტივებისა და ფასიან ქაღალდებზე წვდომის უკანონო შეზღუდვის გამო ბრიუსელში დაფუძნებულ საფინანსო ინსტიტუტ Euroclear-ს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივების დიდ ნაწილს ფლობს მოსკოვის სასამართლოში უჩივის.
"რუსეთის ბანკის აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოყენების მექანიზმები, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით რუსეთის ბანკის აქტივების გამოყენება უკანონოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის არღვევს აქტივების სუვერენული იმუნიტეტის პრინციპებს" - წერია ბანკის განცხადებაში.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიუთითა ევროკომისიის პრესრელიზზე, რომელიც 3 დეკემბერს გამოქვეყნდა და რომელიც უკრაინის 2026 და 2027 წლების საფინანსო საჭიროებების დასახმარებლად ორ შესაძლო ვარიანტს აღწერდა.
ერთ-ერთი ვარიანტი ევროკომისიის მიერ უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტებისგან გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით სესხის აღებას ითვალისწინებდა.





