რუსეთში დაფუძნებული საერთაშორისო ანტიგლობალისტური მოძრაობის ლიდერის, რუსული ვიკილიქს 2.0-ის ხელმძღვანელისა და ვლადიმირ პუტინის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანთა უფლებების საბჭოს წევრის, ალექსანდრ იონოვის თქმით, თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ ფაილებს გამოაქვეყნებენ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის მიერ დართულ ვიდეოში იონოვი სიტყვა "ბიოლოგიურ იარაღს" არ ახსენებს, თავად ТАСС-ი წერს, რომ "ვიკილიქს 2.0-ის საიტზე გამოქვეყნდება დოკუმენტები ლუგარის ქართულ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე".
"ჩვენს საიტზე, wikileaks.ru-ზე გამოვაქვეყნებთ ლუგარის ქართულ ცენტრთან დაკავშირებულ 70 000 დოკუმენტის დარჩენილ ნაწილს, რომელშიც არის საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ეხება როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას, ისე საქართველოს, შეერთებულ შტატებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მდებარე აშშ-ზე დაქვემდებარებულ ბიოლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის შემუშავებას." - თქვა იონოვმა.
იონოვის მტკიცებით, ახალი მასალა ეხება სომხეთსაც. მისი მტკიცებით, ლუგარის ცენტრის სპეციალისტები და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც "საიდუმლო საქმიანობით იყვნენ დაკავებული" სწორედ აქ გადავიდნენ.
იონოვი აშშ-ს მიერ სანქცირებული პირია. 2022 წლის ივლისში მას ბრალად დასდეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა, აშშ-ში პრორუსული პროპაგანდის გავრცელება და საშინაო პოლიტიკაშ ჩარევა.
1-ელ დეკემბერს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ პროექტი WikiLeaks-ი განახლებულ ფორმატში რუსეთში იხსნებოდა, Викиликс 2.0-ის სახით. ამის შესახებ ცნობა ალექსანდრ იონოვმა გაავრცელა. პროექტს ამ დროისთვის მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა. მათ 28 ნოემბერს გამოაქვეყნეს ლუგარის ცენტრთან დაკავშირებული ფაილების პირველი ნაწილი, რომლებშიც, მათივე ინფორმაციით იყო ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, მისი ყოფილი პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიასა და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების, ასევე USAID-ის ჯანდაცვის პროექტის წარმომადგენლების მიმოწერები. თუმცა პროპაგანდისტული პროექტი არაფერს წერს მთავარ მტკიცებაზე, თითქოს ლუგარის ცენტრში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეა. მათი მტკიცებით, აქ ამერიკიის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ. კამპანიაში ჩართული იყო როგორც რუსეთის საგარეო და თავდაცვის უწყებები, ისე პროპაგანდისტები, როგორიცაა იგორ გიორგაძე - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომელი, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული.
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ნახეთ ტაბულას ფილმი - მითები ლუგარის ლაბორატორიაზე.
-
კირილოვი: ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი
-
კირილოვი: აშშ მუშაობს დაავადებების გადამტან ღამურებზე, ქართულ ლაბორატორიაშიც
-
მარია ზახაროვა: ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს
-
პატრუშევის მტკიცებით, საქართველო და მოლდოვა აშშ-ს ბიოლოგიური იარაღის გამოცდის პოლიგონებია
-
აშშ აფრიკაში საქართველოში შემუშავებულ სისტემას იყენებს – РХБЗ დეზინფორმაციას აგრძელებს





