რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ჯარები (РХБЗ) კვლავ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს აშშ სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებს, პათოგენებსა და მედიკამენტებს ცდის.
მას შემდეგ, რაც РХБЗ-ს მეთაური, გენერალ-მაიორი იგორ კირილოვი უკრაინის დაგეგმილი აფეთქების შედეგად მოსკოვში მოკვდა, ბრიფინგი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ჯარების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ალექსეი რტიშჩევმა ჩაატარა.
რტიშჩევის მტკიცებით, აშშ-მ უკრაინასა და საქართველოში შეიმუშავა "ბიოლოგიური რისკების მართვის სისტემა", რომელსაც ახლა აფრიკის კონტინენტზე ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის იყენებს.
"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს აშშ-ს სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის ანალიზს უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. წარსულში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ, რომ დაუსრულებელი უკრაინული პროექტები გადატანილ იქნა პოსტსაბჭოთა სივრცისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ტერიტორიებზე. ბოლო პერიოდში მაღალი ინტერესის სამიზნე გახდა აფრიკა. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია რეგიონს უყურებს, როგორც საშიში ინფექციების პათოგენების შეუზღუდავ ბუნებრივ რეზერვუარსა და პოლიგონს ექსპერიმენტული სამედიცინო პრეპარატების გამოცდისთვის. მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ცხადი გახდა ამერიკის ადმინისტრაციის მიერ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე ბიოლოგიური რისკების მართვის სისტემის სტრუქტურა. ის უკრაინასა და საქართველოში წარმატებით იქნა აპრობირებული, ახლა კი აქტიურად გამოიყენება აფრიკის კონტინენტზე." – თქვა რტიშჩევმა.
როგორც რტიშჩევი ირწმუნება, სისტემის მიზანია აფრიკაში ბიოლოგიური მდგომარეობის "საკუთარი ინტერესებით მართვა".
"ამ სისტემის საქმიანობა მიზნად ისახავს ენდემურ რაიონებსა და ბუნებრივ კერებში პათოგენების მოპოვებას, ბიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს და მისი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მართვას. ერთ-ერთი ამოცანაა ეპიდემიური ვითარების გაანალიზები გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების საზღვრების მახლობლად, სადაც სამხედრო კონტიგენტების განლაგება განიხილება." – თქვა რუსმა გენერალ-მაიორმა.
აქამდე, გენერალ-მაიორი იგორ კირილოვი წლების განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მდებარე ლაბორატორიებზე. მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს საქართველოში მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრი წარმოადგენდა. ის ირწმუნებოდა, რომ ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ. მისი მტკიცებით, აქ შეიქმნა ღორის გრიპიც.
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ნახეთ ტაბულას ფილმი - მითები ლუგარის ლაბორატორიაზე.





