კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქუთაისში ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის სახელობის კათოლიკური ტაძარი კათოლიკეებს წელსაც დაუკეტეს.
"ყოველ წელს, 8 დეკემბერს, კათოლიკეები ამ ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ და ისტორიულად კათოლიკურ ტაძარს სტუმრობენ მოსალოცად. ბოლო 2 წელია, ამ დღეს ტაძრის კარები იკეტება და მართლმადიდებელი სასულიერო პირები კათოლიკეებს ლოცვის უფლებას ამგვარად უზღუდავენ.
გასულ წელს, ტაძრის ახალმა მეპატრონეებმა, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, განაცხადეს რომ "სანიტარული დღე" ჰქონდათ და ამიტომ დაკეტეს ტაძარი. წელს რა მიზეზით დაიკეტა ეკლესია - უცნობია" - წერია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტო წერს, რომ ეს ის ტაძარია, რომლის შესახებაც 2023 წელს, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ საქართველოს მთავრობას წერილი მისწერა, სადაც სთხოვდა კათოლიკეებისთვის ტაძარი დაებრუნებინათ. ეს წერილი დღემდე პასუხგაუცემელია მთავრობის მხრიდან.





