რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ მოლაპარაკებებში სამი მთავარი სადავო საკითხი დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებში სამი მთავარი სადავო საკითხია, რომლებიც ყველაზე მეტ დისკუსიას წარმოშობს. მისი თქმით, ეს თემებია ტერიტორიის, აღდგენის დაფინანსებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები.

ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

ზელენსკის თქმით, ეს სამი საკითხი "მთავარია" და მათთან სიფრთხილეა საჭირო. მანვე დაამატა, რომ აშშ-ს მიერ შეთავაზებული გეგმის განხილა "პროცესია და ჯერ არ დასრულებულა". 

"გულწრფელად ვიტყვი, ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია. აღდგენისთვის თანხის გამოყოფის საკითხი - ჩემი აზრით, ევროპელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე, ეს არ არის მარტივი და რთულია, რადგან თანხა ევროპაშია. არ მგონია, ეს ძალიან სამართლიანი იყოს. ასევე უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულად აშშ-ს მხრიდან, კონკრეტულად ევროპის მხრიდან". - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის მოლაპარაკებების გუნდს და აღნიშნა, რომ "გეგმა უკეთესად გამოიყურება". 

მანამდე, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან და დელეგაციის ხელმძღვანელთა, რუსტემ უმეროვთან, საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან და აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად სატელეფონო საუბარი გამართა. 

კომენტარები