ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ქურდოვანიძე: იგნორირებულია მოთხოვნა, გასაჯაროვდეს აქციებზე გამოყენებული ნივთიერებები

ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში შერევაზე და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო გამოყენებაზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის, საია, თავიდანვე საუბრობდა. არაერთი განცხადება გვაქვს როგორც საჯაროდ, ასევე, მივწერეთ შესაბამის უწყებებს, თუმცა, ნივთიერების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდნენ.

BBC-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფილმში საუბარია სწორედ ამ პრაქტიკაზე და ფილმის ავტორები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული.

გიზიარებთ დაზარალებულების ისტორიებს, რომლებიც მათთამ ჩატარებული ინტერვიუების დროს შევკრიბეთ: დაზარალებული V98 (27 წლის ქალი): "სამართალდამცავებმა განსაკუთრებული რაოდენობით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, სავარაუდოდ, ქიმიური დანამატებით, რამაც გამოიწვია კანის დამწვრობა, სასუნთქი გზების და ფილტვების დაზიანება. სუნთქვა მიჭირდა".

დაზარალებული V97 (25 წლის მამაკაცი): "30 ნოემბრის ღამეს ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ მოულოდნელად მასობრივად გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. დემონსტრანტებმა იგრძნეს ძლიერი, გაუსაძლისი წვა ცხვირსა და ყელში. შედეგად, ზოგიერთმა მათგანმა გონება დაკარგა".

დაზარალებული V91 (36 წლის მამაკაცი): "30 ნოემბრის ღამეს ცრემლსადენი გაზის გამოყენებამ გამოიწვია სასუნთქი გზების მძიმე დაზიანებები, ძლიერი ხველა და ცრემლდენა".

დაზარალებული V95 (26 წლის ქალი): "პირველი დეკემბრის ღამეს დიდი რაოდენობით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სხვა უცნობი ნივთიერებები. ვგრძნობდით ძლიერ წვას ცხვირ-ხახაში, ვახველებდით და ვკარგავდით სუნთქვის კონტროლს".

დაზარალებული V94 (36 წლის მამაკაცი): "ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ სპეცრაზმის მხრიდან დემონსტრანტების თავზე ნასროლმა გაზის კაფსულებმა სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია".

დაზარალებული V93 (35 წლის ქალი): "ბილტმორის" მიმდებარედ პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი უშუალოდ ხალხის თავზე გაუშვა, რამაც მათ გადაადგილების საშუალება მოუსპო".

იმის ხაზგასმაც ზედმეტია, რომ არცერთი ეს საქმე არ არის გამოძიებული, არავინაა დასჯილი და დღემდე იგნორირებულია მოთხოვნა, გასაჯაროვდეს გამოყენებული ნივთიერების მახასიათებლები.

წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დამფუძნებელი ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები