უკრაინა-აშშ

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში რუბიოს, კუშნერს და უიტკოფს შეხვდება

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ჟენევაში მიღწეული შეთანხმების პუნქტებზე საუბარი გაგრძელდება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაცია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და დონალდ ტრამპის სიძეს, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს შეხვდებიან.

უკრაინულ დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. თავდაპირველი გეგმით, აშშ-ში უნდა ჩასულიყო ანდრეი ერმაკიც, მაგრამ ზელენსკის ოფისის მეთაური თანამდებობიდან 28 ნოემბერს გადადგა.

23 ნოემბერს აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები ჟენევაში შეხვდნენ, სადაც ცოტა ხნით ადრე, მედიაში გავრცელებულ, 28-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს. სხვადასხვა მონაცემებით, მხარეებმა გეგმის 28-დან 19 ან 22 პუნქტზე მიაღწიეს შეთანხმებას. 

27 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ წარმოდგენილი გეგმა შესაძლოა მშვიდობიანი მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს.

კომენტარები