უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვიცეპრემიერი ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩი გახდება.
ზელენსკიმ სტეფანიშინა განახლებულ კაბინეტში აშშ-სთან ურთიერთობის განვითარების საკითხში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა და აღნიშნა, რომ მისი ელჩად დამტკიცებისთვის "აუცილებელი პროცედურები" პარალელურად გაგრძელდება.
"ხელი მოვაწერე ბრძანებას ოლგა სტეფანიშინას აშშ-სთან ურთიერთობის განვითარების საკითხში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ". - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ზელენსკის თქმით, ამ თანამდებობაზე სტეფანიშინა უკრაინა-ამერიკის ურთიერთობებში არსებული იმპულსის შესანარჩუნებლად იმუშავებს.
"ოლგა ასევე მონაწილეობდა აშშ-სთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატისა და უკრაინა-აშშ-ს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებში. ჩვენ სწორედ ამ საფუძველზე გავაგრძელებთ აშშ-სთან თანამშრომლობას – ჩვენს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთქმედებაზე ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური საკითხის დამატებით". - წერს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტეფანიშინას უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის. სტეფანიშინა ამ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა, 2024 წლის სექტემბრიდან კი ის იუსტიციის მინისტრის პოსტზეც დაინიშნა.





