მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელს მხედველობა შედარებით ჯანმრთელ თვალშიც უუარესდება - ადვოკატი

მზია ამაღლობელი

ადვოკატი ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხედველობა სულ უფრო და უფრო უარესდება.

"ყოველი შემდგომი კვლევა, რომელიც დაკავების მერე ჩატარდა, აჩვენებს, რომ იმ თვალში, რომელიც შედარებით ჯანმრთელი ჰქონდა, მხედველობა სულ უფრო და უფრო უუარესდება - 90%, რომელიც სათვალით უუმჯობესდებოდა, ახლა უკვე თითქმის 30%-ზეა დასული. მეორე თვალზე კი, შეიძლება ითქვას, რომ ექიმების მხრიდანაც კი საუბარი აღარ არის". - თქვა ამაღლობელის ადვოკატმა TV პირველთან საუბარში.

ადვოკატის თქმით, მათ რეაგირებისთვის სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც მიმართეს და როგორც მისთვის ცნობილია, საქმის წარმოება დაიწყეს. 

"მისი მანდატის ფარგლებში, სახალხო დამცველსაც მოვუწოდეთ, რომ ამ საქმით დაინტერესდეს [...] როგორც სახალხო დამცველისგან გავიგეთ, საქმის წარმოება დაიწყო და ველით, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი რეაგირებაც იქნება [...]

მივმართეთ პაატა სალიასაც, როგორც იუსტიციის მინისტრს და მისგან მოვითხოვეთ, რომ მოახდინოს როგორც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ასევე შესაბამისი მართვაც". - ამბობს ჯუბა ქათამაძე.

ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფო მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მიმართულებით თავის ვალდებულებას არ ასრულებს. 

ცნობისთვის, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის, ნანა ჯოხაძისა და მარინა სირაძის შემადგენლობით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა. 

 

კომენტარები