ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად მზია ამაღლობელს არ უტარდება საჭირო გამოკვლევები და არ იღებს სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.
"მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად.
მივმართავთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.
მივმართავთ, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნევლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად." - წერია საიას განცხადებაში.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის, ნანა ჯოხაძისა და მარინა სირაძის შემადგენლობით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა.





